ახალი ამბები
სეს: ხობში დახოცილ საქონელს ინფექციური დაავადებები არ აღმოაჩნდა
ხობში დახოცილ საქონელს, რომლის ამსახველი ვიდეო "მოძრაობამ ბრაკონიერობის წინააღმდეგ" გაავრცელა, ინფექციური დაავადებები არ აღმოაჩნდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა შეტყობინების მიღებიდან მყისიერად დაიწყეს და ლაბორატორიული ნიმუშებიც აიღეს.

"ხობის მუნიციპალიტეტიდან მსხვილფეხა საქონლის დაცემასთან დაკავშირებით მიღებულ შეტყობინებაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა განახორციელეს მყისიერი რეაგირება. ადგილზე ჩატარდა მოკვლევა და აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ინფექციური დაავადებები არ გამოვლინდა.

სააგენტო რეკომენდაციას აძლევს ფერმერებს დაიცვან ცხოველთა სადგომებში ზოგადი ვეტერინარული მოთხოვნები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ცხოველები უზრუნველყონ შესაბამისი კვებითი ღირებულების მქონე საკვებით", - აღნიშნულია განცხადებაში.


Print