რეგიონი
საქსტატი - სამეგრელოს რეგიონში 2021 წელს 3 203 ბავშვი დაიბადა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულ ბავშვთა რაოდენობამ 45 946 შეადგინა, მათ შორის, 23 911 ბიჭი და 22 035 გოგოა.

ამასთანავე 3 203 ბავშვი დაიბადა სამეგრელო-ზემო სვანეთში. რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 83 - ით ნაკლებია.

მათივე ცნობით, 2021 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა თბილისში (14 979 ბავშვი) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (263 ბავშვი).

„ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი 38%-დან 37.4%-მდე შემცირდა, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და 35.6% შეადგინა, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 25.8%-დან 26.4%-მდე გაიზარდა.2021 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 28.4%-დან 27.2%-მდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 67.2%-დან 69.2%-მდე გაიზარდა. კლება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში შეინიშნება. მათი წილი 4.4%-დან 3.6%-მდე შემცირდა. 2021 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.2 წლით განისაზღვრა“, - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, 2021 წელს, რეგისტრირებულია 23 155 ქორწინება,  2021 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 39.4%-ით მეტია.
Print