ახალი ამბები
სერგეი შამბა - აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი არ განიხილება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარჩია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხს გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ "აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურს":

"რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მშობლიური და ახლო სახელმწიფო, თუმცა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის განზრახვა რესპუბლიკაში არ გვაქვს", - თქვა კვარჩიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესაძლებლობაზე კომენტარი დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამაც გააკეთა. მისი თქმით, ეს საკითხი არც პოლიტიკურ და არც საზოგადოებრივ წრეებში არ განიხილება, წერს "აფსადგილ ინფო".

"პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუციით, კანონმდებლობით ნებადართული არაა, საზოგადოებაშიც ასეთი განწყობა არ არის. ჩვენ დამოუკიდებლობისთვის მაღალი საფასური გადავიხადეთ. ეს არის შედეგი ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანძგრძლივი ბრძოლის, ამიტომ არ ვიცი ისეთი პოლიტიკური ძალა, პარტია ან საზოგადოებრივი მოძრაობა აფხაზეთში, რომელიც ასეთი შესაძლებლობიდან, დამოუკიდებლობაზე უარით მომდინარეობს. ასეთი პოლიტიკური ძალა არ არის", – აცხადებს შამბა.

მისი თქმით, "აფხაზეთის ურთიერთობა მოკავშირე და სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან ძალიან მჭიდროდ უნდა განვითარდეს".

თუმცა შამბა აქვე დასძენს, რომ "სამხრეთ ოსეთის გაერთიანება ჩრდილოეთ ოსეთთან ეროვნული ოცნებაა და აფხაზეთი მხარს უჭერს მოძმე რესპუბლიკის მცხოვრებთა ასეთ მისწრაფებებს". ამის შესახებ აფხაზმა პოლიტიკოსმა ტასს-თან ინტერვიუში განაცხადა.

მანამდე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გადაიდგმება სამართლებრივი ნაბიჯები, სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად.

მოსკოვმა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ცნო. გარდა რუსეთისა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.



Print