ახალი ამბები
დონეცკში აფხაზეთიდან უკრაინაში წასული მოხალისე დაიღუპა
უკრაინის ომში, დონეცკში, 31 მარტს, ჭურვის აფეთქების შედეგად სოფელ კვიტოულის მკვიდრი ახრა კირკინაძე დაიღუპა, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა. ამის შესახებს „აიაირას“ სოფლის „ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ კვარაცხელიამ განუცხადა.

"რამდენადაც ვიცი, მასთან ერთად დაიღუპა ოსი და რუსი ჯარისკაცი.  დონეცკში მასთან იმყოფებოდა მისი ბიძაშვილი, ემზარი, რომელმაც დაზიანება მიიღო“, – თქვა კვარაცხელიამ.

მისივე ინფორმაციით, 36 წლის ახრა კირკინაძეს 5 შვილიც ჰყავს.

უკრაინელი სამხედროების მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა ოკუპირებული აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე, წერს „ეხო კავკაზა“. ამავე ცნობით, ინფორმაციას ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება "Схід" (აღმოსავლეთი) ავრცელებს ფეისბუკის გვერდზე.

უფრო ადრე უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 სამხედრო ბაზიდან უკრაინაში გაიგზავნა ორი ბატალიონი - დაახლოებით 800 სამხედროს შემადგენლობით.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.

Print