ახალი ამბები
აფხაზი აქტივისტების ნაწილი მხარეებს უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
აფხაზეთში მცხოვრები ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი მიმართვას ავრცელებს, რომელსაც 20 - ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. ისინი მხარეებს უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. მიმართვის ტექსტი  მწერალმა და ჟურნალისტმა ნადეჟდა ვენედიქტოვამ გამოაქვეყნა. 

"ჩვენ, აფხაზეთის მცხოვრებლებმა, 30 წლის წინ გადავიტანეთ ომი, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა. მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს სისხლისღვრა უკრაინაში. ორივე მხრიდან ადამიანების სიკვდილი მხოლოდ აღრმავებს არსებულ წინააღმდეგობებს, რომლის გადაწყვეტაც მშვიდობიანი გზითაა აუცილებელი. გლობალურმა წინააღმდეგობამ, რომელიც ყოველდღიურად მატულობს, უკვე გააუარესა თითქმის მთელ პლანეტაზე ცხოვრების ხარისხი. ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს ბირთვული ომი, რომელსაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება ყველა ჩვენგანისთვის",- ნათქვამია მიმართვაში.

ისინი კეთილგონიერებისა დ პასუხისმგებლობისკენ მოუწოდობენ ყველას, ვისაც სისხლისღვრის და მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის შეჩერება შეუძლია.

მიმართვას ხელს აწერენ: ნადეჟდა ვენედიქტოვა, საიდა ალანია, რუსუდან კობიაკოვა, ლარისა კაცია, ასტანდა გიცბა, ელენა ზავოდსკაია, არდა ინალ - იფა, ოლგა კორნეევა, დიანა კერსელიანი, ნაალა კარტოზია, აიდა ლადარია, ლუდმილა საღარია, მადინა ღარცკია, აიდა ბუთბა, ელონა ტურავა, საიდ გეზერდავა, ინდირა აგრბა, ლიანა კვარჩელია, აზამათ ბაგათელია, ასიდა ლამია, ციალა ცკუა, ელიტე კოკოსქერია.

პუბლიკაციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფეისბუკის მომხმარებელთა აფხაზური სეგმენტის ნაწილი კომენტარებში მხარს უჭერს მას, ზოგი კი მიუღებლად მიიჩნევს და პროვოკაციად აფასებს.

11 მარტს, სოხუმში, "დინამოს" სტადიონზე გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს "რუსეთის ფედერაციის ქმედებებს დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების ტერიტორიაზე მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად, ასევე უკრაინაში "დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის პროცესს".

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა 10 მარტს ხელის მოაწერა ბრძანებას " აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ".

უფრო ადრე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი". მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

Print