ახალი ამბები
სენაკიდან უპატრონო ძაღლები ოზურგეთში გადაჰყავთ
სენაკიდან მიუსაფარი ძაღლები შპს "ვექტრას" ოზურგეთში თავშესაფარში გადაჰყავს. შესაბამის ტენდერში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა და ის ამ მომსახურებისთვის სენაკის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარს მიიღებს.

ხელშეკრულების თანახმად, საუბარია 70 ძაღლის თავშესაფარში განთავსებაზე.

დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს  "უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა (მხოლოდ შემსყიდველის მითითებით) საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად (ჰუმანური მეთოდებით), დაჭერილი ცხოველის ტრანსპორტირება სპეციალური ავტოსატრანსპორტით თავშესაფარში, თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა ვეტერინალური მომსახურეობის გაწევა, მარკირება ყურის კლიპის მეშვეობით (დაბირკვა) და რეგისტრირებული ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნება. ვეტერინალური მომსახურება უნდა განახორციელონ, მხოლოდ ვეტერინარ სპეციალისტმა. ასევე, უნდა მოხდეს ცხოველთა თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების იდენტიფიცირება და ვაქცინირება ცოფის საწინააღმდეგოდ, ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე მძიმედ დაავადებული ცხოველების ევთანაზია და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში (ბეიკერის ორმო) გადაყვანა, ცხოველის დაჭერა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მითითებული ადგილიდან, ასევე უნდა განხორციელდეს ცხოველთა რეგისტრაციის მკაცრი კონტროლი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ორჯერ (კონკრეტული თვის რიცხვები შეირჩევა შემსყიდველსა და გამარჯვებულ პრეტედენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში) შესაბამისი რეიდების მოწყობა, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რეიდების მოწყობა, მომსახურების განხორციელების პერიოდში არსებული რისკ-ფაქტორების თავისთავზე აღება".

შპს "ვექტრა" სენაკიდან მიუსაფარ ძაღლებს ოზურგეთში 2023 წლის 5 თებერვლამდე გადაიყვანს.

Print