ახალი ამბები
ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი: უსამართლოდ ვისჯებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ
“მიუხედავად დიდი უსამართლობისა, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე'', - ასე მიმართა დღეს ჟურნალისტებს სენაკში, საკუთარი პროცესის შემდეგ ზუგდიდის ციხის ყოფილმა უფროსმა ამირან ჯანაშიამ, რომელსაც გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ბრალებული თავს უდანაშაულოდ და პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

”მარტივად შემიძლია გითხრათ, რომ უსამართლოდ ვისჯებით ჩვენ, ჩემთან ერთად კიდევ არის ერთი ბიჭი ლექსო რაფავა, ჩვენ ორივე ვართ ძალიან მხნედ და მიუხედავად დიდი უსამართლობისა, ბოლომდე ვიბრძოლებთ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე'', - თქვა ჯანაშიამ.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმედ შსს-ს ექსპერტი გამოიკითხა. ლია კაცოშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ ჯანაშიას ტანსაცმელზე მეტალიზაცის კვალი ფიქსირდება, რაც შეიძლება იყოს როგორც იარაღის, ასევე, ნებისმიერი სხვა რკინის შემცველი საგნის. უფლებადამცველების კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ეს კვალი გასაღებების ჩამოსაკიდის ყოფილიყო, ექსპერტმა დადებითად უპასუხა.

ამირან ჯანაშია 2021 წლის 29 ოქტომბერს, არჩევნების წინა დღეს დააკავეს.
Print