ახალი ამბები
ზუგდიდის მერია ჩხოუშის სანაპიროზე მცხოვრებ უსახლკაროს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს
შუახნის მამაკაცს, რომელიც, თვითმხილველების ინფორმაციით, წელიწადზე მეტია, ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის სანაპიროზე ათევს ღამეებს, მერია, პირველ ეტაპზე დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს. ამ დროისთვის ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა და თავს კარგად გრძნობს.

"ვიცე-მერი წუხელვე მივიდა მასთან ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად. ამ დროისთვის ვცდილობთ მის იდენტიფიცირებას, რის შემდეგაც უკვე ოფიციალურად იქნება შესაძლებელი, რომ საცხოვრებლით და სხვა მომსახურებებით იყოს უზრუნველყოფილი, თუმცა მანამდეც ზუგდიდის მერია მზადაა, გადაიყვანოს საცხოვრებელში და უზუნველყოს მისი უსაფრთხო გარემოში ყოფნა. ვიცე-მერი პირადაა ჩართული ამ საქმეში", - უთხრეს რადიო "ათინათს" მერიის პრესსამსახურში.

შუახნის მამაკაცის შესახებ საზოგადოებისთვის და შესაბამისი სამსახურებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელში ინფორმაციის ამსახველი ფოტო და ვიდეო მოძრაობა "დროას" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ გამოაქვეყნა. 



ფოტო: ირაკლი გამსახურდია
Print