ახალი ამბები
ჩხოროწყუს მერი: "ალტ-ინფოს" ოფისის ხელმძღვანელი ააიპ-ში აღარ მუშაობს
ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას ინფორმაციით, ემზარ მიქავა, რომელიც მერიის ააიპ-ის თანამშრომლობის პარალელურად „ალტ-ინფოს“ ოფისს ხელმძღვანელობდა, სამსახურიდან წავიდა. როგორც გოგუამ რადიო „ათინათს“ უთხრა, მიქავამ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა და ის პირველი აპრილიდან დასუფთავების ააიპ-ში აღარ მუშაობს. რაც შეეხება გოგუას პოზიციას, მერი განმარტავს, რომ მისთვის „კონსერვატიული მოძრაობის“ საქმიანობა კატეგორიულად მიუღებელია და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ააიპ-ის თანამშრომელი „ალტ-ინფოს“ ჩხოროწყუს ოფისს ხელმძღვანელობდა, არ ჰქონდა.


„სიმართლე რომ გთხრათ, არ ვარ საქმის კურსში. ემზარ მიქავა მუშაობდა დასუფთავების სამსახურში. მე რამდენადაც ვიცი, თვითონ დაწერა განცხადება და საკუთარი სურვილით წავიდა სამსახურიდან. განცხადება შემოსულია პირველ აპრილს. საერთოდ არავის ჩავუყენებივარ მე საქმის კურსში, არც ემზარ მიქავა მოსულა ჩემთან, არავის ჩემგან ინსტრუქციები არ მიუღია. ყველას აქვს თავისი არჩევანი, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როცა კანონით არ იზღუდება რაღაცა, ბუნებრივია, რომ ყველას აქვს დამოუკიდებელი აზროვნების და გადაწყვეტილებების მიღების უფლება. ჩემთვის ალტ - ინფო არის მიუღებელი, მათი ხედვები და იდეოლოგია შეუთავსებელია ნებისმიერი პროევროპულად მოაზროვნე ადამიანისთვის, რადგან ჩვენი ადგილია ევროპულ ოჯახში და არა რუსეთში“, - აღნიშნა გოგუამ.

ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩხოროწყუს მერიის ერთ-ერთი ააიპ-ის თანამშრომელი "ალტ-ინფოს" ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელია. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ემზარ მიქავა უკვე 4 წელია, რაც ჩხოროწყუს მერიის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრში” უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.

Print