ახალი ამბები
ზუგდიდში „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს
ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტის ემა გოგოხიას და მისი ოპერატორის ზვიად აბლოთიას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს.
ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულია პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი და მისი თანამზრახველი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 17 მარტს, ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს ჟურნალისტი ემა გოგოხია და ამავე არხის ოპერატორი ზვიად აბლოთია ინტერვიუს ჩასაწერად ზუგდიდში, პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან იმყოფებოდნენ. ამ დროს, ადგილზე სწრაფი სვლით მივიდა ავტომანქანა, საიდანაც ბრალდებულები გადმოვიდნენ. ისინი შეურაცხმყოფელი შეძახილებით და გინებით, ჟურნალისტს და მის ოპერატორს ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტას და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ. განხორციელებული დევნის დროს, ბრალდებულებმა ჟურნალისტს და მის ოპერატორს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, “- განაცხადა კაციტაძემ.

მისივე თქმით, ორივე პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე ზუგდიდშია დაკავებული პროფესიული ნიშნით განხორციელებული დევნის და ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. 

„ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ტიპის საქმეების გამოძიება სწრაფი და ეფექტიანი იყოს, “- განაცხადა კოკა კაციტაძემ.

ტელეკომპანიის ჟურნალისტს ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს ზვიად აბლოთიას "კონსერვატიული მოძრაობის" ადგილობრივ ოფისთან თავს 17 მარტს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. 


Print