ახალი ამბები
მერები ბავშვებისთვის - მემორანდუმს ზუგდიდიც შეუერთდა
ქუთაისში ათი მუნიციპალიტეტის მერი შეიკრიბა იმის განსახილველად, თუ როგორ გაიზარდოს მუნიციპალიტეტების ჩართულობა მათი თემების სოციალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. გაეროს ბავშვთა ფონდისა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალური თვითმმართველობის წარმომადგენლები, დონორები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დაესწრნენ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ქ-ნი მზია გიორგობიანი, საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქ-ნი თამილა ბარკალაია, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ბ-ნი ღასან ხალილი და ზუგდიდის, ახალციხის, ამბროლაურის, ბათუმის, დუშეთის, ქარელის, ქუთაისის, მარნეულის, ოზურგეთისა და თელავის მერები.

„ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაზე ახლო კონტაქტშია მოქალაქეებთან, ხოლო ადგილობრივი თემის საჭიროებების გამოვლენა და მათზე რეაგირება ყველაზე უკეთ ადგილობრივ დონეზეა შესაძლებელი. ევროკავშირის დიდი მხარდაჭერით და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან პარტნიორობით გავაგრძელებთ მუნიციპალიტეტების დახმარებას, რათა მათ შეძლონ თავიანთ თემებში ბავშვის უფლებების დაცვა“, - აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლემა ღასან ხალილმა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრის შედეგად შესაძლებელი გახდა მუნიციპალურ დონეზე მიმდინარე პროგრამების შესახებ ცოდნის, ინფორმაციისა და პრაქტიკის გაზიარება და პოტენციური თანამშრომლობისა და პარტნიორობის გზების მოძიება. შეხვედრამ ასევე ხელი შეუწყო ახალი სამუშაო ჯგუფების შექმნას და ერთობლივი ან კოორდინირებული აქტივობების ჩამოყალიბებას, რომლებიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების გაძლიერებას მოქალაქეთა, მათ შორის, ბავშვების მხარდასაჭერად.

მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს და სიმბოლურ დაპირებას, 2022 წლის ბოლოსთვის შეიმუშავონ ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები.

პროექტი ეხმაურება მუნიციპალიტეტების ახალ როლს, რომელიც 2019 წელს მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსით არის განსაზღვრული. კოდექსის მიხედვით, საქართველოს მუნიციპალიტეტებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით.ეს როლი ორმხრივია: მუნიციპალიტეტებს უნდა შეეძლოთ საჭიროების მქონე ოჯახებისა და ბავშვების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა სოციალური სამუშაოს და სოციალური მომსახურებების საშუალებით; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებს უნდა შეეძლოთ არსებული სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი მოგვარება ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამების შემუშავების გზით.

აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტის - „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში„ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების გაუმჯობესებას; პროფესიული სამუშაო ძალის შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე.


Print