ახალი ამბები
დევნილისთვის საცხოვრებლის მიღების სანაცვლოდ ფულის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა დევნილის სტატუსის მქონე ერთ-ერთ პირს, მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, დევნილთა სამინისტროს თანამდებობის პირის მეშვეობით, შეძლებდა მისთვის დევნილის ქულის მომატებასა და სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ, ვადაზე ადრე, საცხოვრებელი ბინის მიღებაში დახმარებას.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სწორედ ამ დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 1 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს. ბრალდებული აღიარებს დანაშაულს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
Print