ახალი ამბები
ზუგდიდში მართვის მოწმობის გამოცდა ქალაქის გზებზე ვერ ჩატარდება
ზუგდიდში, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი, რომელიც რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში გადაადგილებას გულისხმობს, ამ ეტაპზე ვერ ჩატარდება. შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამის მიზეზი ქალაქის გზებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება შესაძლებელი იქნება შესაბამისი სამუშაოების დასრულებისთანავე.

2022 წლის 25 აპრილიდან "B" და "BE" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთის და ბათუმის სამსახურებში შეძლებენ.

„ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. თითოეული საგამოცდო სამსახურისათვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდება.

სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია:
- უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით;
- ვებგვერდის მეშვეობით;
- მობილური აპლიკაციის საშუალებით.

მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების შემთხვევაში, მომდევნო გამოცდაზე გასვლა შესაძლებელი იქნება რიგის დაჯავშნით, არაუადრეს 30 დღისა.

365 დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას“, - აცხადებენ შსს მომსახურების სააგენტოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აღნიშნული ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად მიიღო.


Print