ახალი ამბები
შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში ინფრასტრუქტურა ისევ დააზიანა, დაიტბორა სახლები
შავ ზღვაზე დაფიქსირებულმა ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლის ნაწილი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა, ასევე, ანაკლიაში დაიტბორა სამი სახლი. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ცნობით, დაზიანდა განმუხურის ამფითეატრის საძირკველი. ასევე, დაზიანებულია სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები. სტიქიამ პრობლემა შეუქმნა მწვანე ნარგავებსაც.

„ენგურის ზღვასთან შესართავის გახსნის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა, რის შემდეგაც დატბორვისგან ათობით სახლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი. ვითარებას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო“, - ამბობენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, დაზიანებულ ინფრასტრუქტურას აღადგენენ. მისივე თქმით, ენგურზე ნაპირდამცავი სამუშაოების განხირციელებაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და სამუშაოები უხლოეს პერიდში დაიწყება, რითაც, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება.

შტორმმა ასევე დააზიანა ფოთში, კუნძულის უბანში სანაპირო ზოლის ნაწილი.

Print