ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში ბოტანიკურ ბაღში უფასოდ შესვლის საკითხზე იმსჯელებენ
ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიაში განსახილველად ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე საფასურის გაუქმების განკარგულების პროექტი დაარეგისტრირა. ამის შესახებ ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარემ მაია კალანდიამ საკუთარ ფეისბუქზე დაწერა. ის განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივით მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნას ასრულებენ, რადგან, როგორც კალანდია ამბობს, ადგილობრივებს სურთ, რომ ქალაქის მასშტაბით არსებული ერთადერთი მწვანე სივრცით სარგებლობა თავისუფალი იყოს. რადიო "ათინათს" მაია კალანდიამ უთხრა, რომ კომისიის სხდომა უახლოეს დღეებში ჩაინიშნება. 

"დარგობრივი კომისიის შეკრებას აპარატთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ასევე, უშუალოდ დარგობრივი კომისიის წევრებთან შეთანხმებით წყვეტს საკრებულოს ადმინისტრაცია. როდის არ ვიცით, მაგრამ უახლოეს პერიოდში, შეიძლება ეს იყოს ხვალაც, ან პარასკევამდე და პარასკევს ჩაინიშნოს უკვე საკრებულოს სხდომა. დარგობრივ კომისიაზე განხილვის შესახებ შეგატყობინებთ და საკრებულოს გვერდზეც დაიდება, რომ ამომრჩევლები, მოსახლეობა, ნებისმიერი მოქალაქე მოვიდეს, დაესწროს, ვინ რას იტყვის და რას გამოთქვამს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, უმრავლესობა დარგობრივ კომისიაში ის ადამიანები არიან, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამას. ბიუროშიც, სადაც უნდა განიხილონ საკითხი, უმრავლესობით ვართ, ასევე, საკრებულოს სხდომაზეც. სამართლებრივად ყველაფერი დალაგებული გვაქვს, განკარგულების პროექტი დაწერილია გამართულად და ვფიქრობ, ბოტანიკური ბაღი რომ გახდეს უფასო, ამის მიღწევამდე რამდენიმე ნაბიჯი გვაკლია. ამასთან ვფიქრობ, რომ მოქალაქეების აქტიურობა აუცილებელია და ერთად უნდა დავარწმუნოთ ხელისუფლება,  რატომ უნდა მოხდეს ეს. არ გამოვრიცხავ, რომ შემოგვიერთდებიან "ქართული ოცნების" დეპუტატებიც", - ამბობს კალანდია. 

კომისიის კიდევ ერთი წევრი და საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობაში მოქალაქეებისა და საინიციატივო ჯგუფების ჩართულობა აუცილებელია. ამასთან, ის გვეუბნება, რომ პარტია "საქართველოსთვის" ასევე მუშაობს ბოტანიკურთან დაკავშირებულ კონკრეტულ გეგმაზე. 

"უშუალოდ ინიციატივას ჯერ არ გავცნობივარ, რაც დარეგისტრირდა. წინასწარ კომენტარის გაკეთებისგან, უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს (ფასიანი. ავტ) თავს შევიკავებ.  გვექნება კომისიური განხილვა, რომელზეც ჩართული იქნებიან როგორც მხარეები, მერიაც, ასევე, თქვენ იცით, რომ პეტიცია დარეგისტრირდა მოთხოვნით, რომ უფასო იყოს, იქნებიან ამ პეტიციის ავტორებიც. ვფიქრობ, რომ კონსტრუქციული და აქტიური მსჯელობა გვექნება ამ საკითხზე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი. არის აზრთა სხვადასხვაობაც, ნაწილი ამბობს, რომ უნდა იყოს ფასიანი, ნაწილი კი არა, დღეს შევიკავებ კონკრეტული პასუხისგან თავს, თუმცა დარგობრივი კომისიის სხდომაზე, ბიუროზეც და შემდეგ საკრებულოს სხდომაზეც ვიმსჯელებთ ამაზე", - თქვა ფარულავამ. 

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიციური პარტიის ინიციატივას, პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის წევრი და საკრებულოში მმართველი პარტიის წარმომადგენელი თამუნა ჯიქია. 

"ჯერ ვნახოთ, რა ფორმით შემოიტანენ, მერე განვიხილავთ და შესაბამისად, გავცემთ პასუხს. წინასწარ ვერ გეტყვით, რა აქვთ შემოტანილი არ ვიცი, ჯერ არ მომსვლია ეს საკითხი. უნდა ვნახო, რას აპირებენ, მე არ ვარ არაგუნდური მოთამაშე, გუნდურად ვთამაშობ ყოველთვის", - ამბობს ის.

ბოტანიკურის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ბაღში შესვლა 1-ლი თებერვლიდან ფასიანი გახდა. დაწესდა სააბონემენტო სისტემა და შეღავათებით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პირები სარგებლობენ. ბაღში შესვლაზე ფასის დაწესება რამდენჯერმე გააპროტესტეს ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა და მოძრაობა "ხმის" აქტივისტებმა. მათ საკრებულოს შესაბამისი პეტიციითაც მიმართეს, თუმცა მოგვიანებით ზუგდიდის მერიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ა(ა)იპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრისთვის" 850 ათასი ლარია გათვალისწინებული. თანხა თითქმის სრულად იხარჯება ბაღის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების ხელფასზე. "ათინათის" მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში, აღნიშნულია, რომ ააიპ-ში დამტკიცებული საშტატო განრიგი 72 თანამშრომელს ითვალისწინებს, ხოლო ამ ეტაპზე დასაქმებულია 61 პირი. მათი ხელფასები 550-დან 2250 ლარამდე მერყეობს.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 11 974 436 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები სამშენებლო კომპანია "ჯავამ" განახორციელა, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა ზუგდიდს საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50% მერიამ 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღო, ხოლო დანარჩენი 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოყო. რაც შეეხება რეაბილიტაციისთვის საჭირო დანარჩენ 30%-ს, მუნიციპალიტეტმა გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღო.

მერიამ სესხის სახით აღებული ფინანსური ვალდებულების გადახდა 2020 წლის იანვრიდან დაიწყო და ის 2028 წლის მარტის თვეში დასრულდება.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლასა და მომსახურებაში მოქალაქეებმა 6 706 ლარი გადაიხადეს - ადმინისტრაცია

ზუგდიდში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო პეტიციაზე, ბოტანიკურში უფასო შესვლის მოთხოვნით

„ხელოვნება ბოტანიკური ბაღისთვის" - პროტესტი ზუგდიდში

რატომ დაწესდა ზუგდიდის ბოტანიკურში შესვლაზე ფასი და რას ითხოვენ მოქალაქეები

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სადაც შესვლა უფასოა, 6 მოლარე მუშაობს - აუდიტი
Print