ახალი ამბები
მულახში საცხოვრებელი კომპლექსებისა და ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში ორ საცხოვრებელ კომპლექსსა და ლახირის იოანე მახარობლის სახელობის დარბაზულ ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი ტენდერი კულტრული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოაცხადა. სამუშაოებისთვის სააგენტო 992 698 ლარს გამოყოფს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტაძრის გარდა, საუბარია სოფელ ლახირში რუსიკო ზურებიანის კომპლექსზე, რომელიც შედგება გუბანდის, კოშკის, მაჩუბის და თანამედროვე საცხოვრებელი სახლისგან, ასევე, მულახის თემის სოფელ ჟამუშში, ქალდანების საცხოვრებელ კომპლექსზე, რომელიც საცხოვრებელ სახლს, გუბანდას , სამეურნეო ნაგებობასა და კოშკს მოიცავს.

„მულახი კავკასიის მაღალმთიან დასახლებათა შორის ერთ-ერთია. კონსერვატიულ მთაში მასალის სპეციფიკიდან გამომდინარე, მშენებლობის ტექნოლოგია უძველესი დროიდან დღემდე არ შეცვლილა, შესაბამისად დასახლების შენობა-ნაგებობები ფიქალი ქვის წყობით არის ნაშენი. ბართან შედარებით, კავკასიის მთიანეთში საზოგადოებრივი განვითარების პროცესი სპეციფიური იყო. სვანეთის გაქრისტიანებასთან ერთად მძლავრობდა თემური ცხოვრების წესი, რომლის ფონზე ჩამოყალიბდა საცხოვრებელი სახლის ტიპები, რომელთა ანალოგი არ მოიძებნება საერო არქიტექტურაში.


იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია


მულახის თემში შემავალ სოფლებში გვხვდება „გუბანდი“, რომელიც საბრძოლო კოშკებთან, საცხოვრებელ სახლებთან და გალავანთან ერთად, ერთიან კომპლექსს ქმნის.


რუსიკო ზურებიანი კომპლექსი


XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც კოშკებმა თავისი პირდაპირი თავდაცვითი ფუნქცია დაკარგეს, დაიწყო მათი ნელ-ნელა ნგრევა. გასაბჭოების შემდეგ ტრადიციული ცხოვრების წესის შეცვლამ, კოშკები და საცხოვრებელი სახლი-მაჩუბის ფუნქციები მნიშვნელოვნად დააკნინა და შესაბამისად შეცვალა მათი იერსახეც. ზემო სვანეთში 250-მდე კოშკი აღირიცხება, გარდა საგუშაგო, საერთო სარგებლობის კოშკებისა, მათ უმეტესობას მიდგმული ჰქონდა ერთი ან რამდენიმე მაჩუბი და სხვა დამხმარე ნაგებობები. სწორედ მათი ერთობლიობა განაპირობებდა სვანური სოფლის განუმეორებელ იერ-სახეს. მაჩუბების უმეტესობა დანგრეულია ან გადაკეთებულია. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია დანგრევის პირამდე მისული ნაგებობების აღდგენა და შენარჩუნება.


ბუხუტი ქალდანის კომპლექსი 


რეგიონისთვის ასევე მნიშვნელოვანია საეკლესიო არქიტექტურა, რომელიც განსაკუთრებულ და მხოლოდ ამ ადგილისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს ატარებს“, - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციის პრეამბულაში.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამუშაოები აღნიშნული ობიექტების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ისინი უმაღლესი მასალითა და ყველა სტანდარტის დაცვით განახორციელოს. აქვე ვკითხულობთ, რომ მიწის სამუშაოების მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, პროცესი უნდა შეწყდეს და ეცნობოს სააგენტოს, აღმოჩენა კი უნდა იყოს დაცული დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან.

ტენდერში წინადადებების მიღება 4 მაისს შეწყდება. გამარჯვებულმა კომპანიამ კი სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 8 თვეში უნდა დაასრულოს. 

Print