ახალი ამბები
უკრაინაში დღეს დაღუპული და დაჭრილი მებრძოლები ჯვარსა და ზუგდიდში ცხოვრობდნენ
უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი მეომარი ალიკა ცაავა ემსხვერპლა. ალიკა ცაავა აფხაზეთიდან დევნილია და ის დევნილობის შემდეგ წალენჯიხაში, ჯვარში ცხოვრობდა. 

"41 წლის ალექსანდრე ცაავა, გარდაცვლილია ბიწაძესთან ერთად. იბრძოდნენ კიევში, რუბეჟნისთან მიმდინარეობდა ბრძოლა, სადაც ალყაში მოაქციეს მებრძოლები რუსმა ოკუპანტებმა. მათ უნდოდათ, რომ ბრძოლის მონაკვეთი სწრაფად გაევლოთ, რათა გამოეყვნათ დაჭრილები, ამ სიჩქარეში სამწუხაროდ მანქანა ამოუყირავდათ. გარდაცვლილი ჯვარიდან არის",- აღნიშნა წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ.

რაც შეეხება ზურაბ მუშუქიას, რომელიც დღეს მძიმედ დაიჭრა, ის ოჯახთან ერთად, ზუგდიდის სოფელ ინგირში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს და უკრაინაში ბოლო წლების განმავლობაში იმყოფებოდა. რუსების წინააღმდეგ იბრძოდა 2008 წლის ომშიც.

ალიკა ცაავას გარდა, უკრაინაში დღეს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

გასულ კვირებში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლი - დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს და დაკრძალეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლიდან სენაკელი ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება.


Print