ახალი ამბები
რუსეთი აგრძელებდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართულ პოლიტიკას - სუს-ის ანგარიში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს.

მათი განმარტებით, 2021 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი, ადგილზე მიმდინარეობდა ინტენსიური სამხედრო წვრთნები და მილიტარიზაციის პროცესი.

სუს-ის ანგარიშშია აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა.

"2021 წლის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, კვლავ მძიმე იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა, გრძელდებოდა მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულ სამხედრო შემადგენლობასთან ერთად, აქტიურად მოქმედებდნენ რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურები - თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური და საგარეო დაზვერვის სამსახური. 2021 წელს მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობდა საოკუპაციო ძალების სამხედრო წვრთნები. რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა, არსებული მონაცემებით, სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის 125-ზე მეტი სწავლება ჩაატარეს. გარდა ამისა, ხსენებულ ბაზებზე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღებისა და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლება. აღნიშნულის ფონზე, კვლავაც განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსეთის საოკუპაციო ძალების პოლიტიკა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევდა",- აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნიდა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებას.

"აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა 2021 წელს რუსეთთან "თავდაცვისა და უსაფრთხოების და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთიანი სივრცის" შექმნისა და ამ კუთხით "ინტეგრაციის" მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება გააჟღერა. აქტიურად განიხილებოდა "ფსოუს გამშვებ პუნქტზე" მოძრაობის ე.წ. რეგულაციების გამარტივების, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ რეგიონში უძრავი ქონების შეძენის "ლეგალიზებისა" და სხვა საკითხები. ყოველივე აღნიშნულს, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ "სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის" დათმობა უწოდა. 2021 წელს კრემლი აქტიურად ცდილობდა ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკაში საკუთარი გავლენის გაზრდას.

ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის ნაწილი იყო ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკის სფეროში მსხვილი რუსული ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები",- აღნიშნულია ანგარიშში.

მასში ნათქვამია, რომ ანექსიის პოლიტიკის ნაწილადაა განსახილველი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტზე.

აქვე აღნიშნულია, რომ არსებული მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტის დაახლოებით 50%-ს (69 472 492 აშშ დოლარი), ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ბიუჯეტის დაახლოებით 83%-ს (84 898 637 აშშ დოლარი) რუსეთის ფედერაცია აფინანსებს.

სუს - ის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს აქტიურად მიმდინარეობდა უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, დეზინფორმაციული კამპანიები და უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელი სხვა აქტივობები, რომელთა ძირითადი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ცენტრალური ხელისუფლების დისკრედიტაცია.  


Print