ახალი ამბები
ხაზარაძემ უკრაინაში დაღუპული ალიკა ცაავას ოჯახს წალენჯიხაში მიუსამძიმრა
უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული დაღვრილი სისხლი, ალიკა ცაავას და იმ ჩვენი გმირი ბიჭების, რომლებიც უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და თავი დადეს, ეს არის ნამდვილად სამშობლოსთვის გაღებული სიცოცხლე, ისინი ამავე დროს იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისთვის, - უთხრა ჟურნალისტებს "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. ის წალენჯიხაში, ჯვარში იმყოფებოდა და უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ალიკა ცაავას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

"მე ჩემს მეგობრებთან ერთად მივუსამძიმრე ალიკა ცაავას ოჯახს. მინდა ვთქვა, რომ მისი მამაც, ბაბუაც აფხაზეთში არიან დაღუპულები აგრესორის ტყვიით და ალიკა ამ შემთხვევაში შეეწირა ისევ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, იმ გმირი ხალხის მიწის დაცვას შეეწირა, რასაც უკრაინა ჰქვია. დღეს ორჭოფობა ამ საკითხთან დაკავშირებით, პირდაპირ ვამბობ, ღალატის ტოლფასია. დღეს რუსული პროპაგანდა და მისი არ აკრძალვა არის ღალატის ტოლფასი. დღეს ენის მოჩლექა და ლოდინი, ვინ მოიგებს ამ ომს, რომ მერე დადგე აგრესორის მხარეს, ღმერთმა არ ქნას და ეს ასე არ მოხდება, ეს არის ღალატის ტოლფასი. ამიტომ, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ უკრაინაში დღეს წყდება უკრაინისა და საქართველოს ბედი, წყდება თავისუფალი სამყაროს ბედი, უკრაინაში დაწყებულია იმპერიის დაშლისა და დემონტაჟის პროცესი. ეს ბიჭები სწორედ ამ საქმეს შეეწირნენ. დიდება მათ ხსოვნას", - აღნიშნა ხაზარაძემ.

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს დაღუპულ ალიკა ცაავას ოჯახის ინფორმაციით, მის ცხედარს საქართველოში უახლოეს 3-4 დღეში ჩამოასვენებენ და ამის შემდეგ უკვე ჯვარში გადაასვენებენ, სადაც დაღუპულის დედა ცხოვრობს. ცაავას, სავარაუდოდ, ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.


ამავე თემაზე: 

უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს ჯვარში უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ

უკრაინაში დღეს დაღუპული და დაჭრილი მებრძოლები ჯვარსა და ზუგდიდში ცხოვრობდნენ
Print