ახალი ამბები
სენაკის ბაზაზე დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს
სამი დღის წინ სენაკის ბაზაზე ტრაგიკულად დაღუპული სამხედროს ოჯახი თვითმკლველობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს. ოჯახის ვარაუდით, ჯონი ახალაიას იარაღი გაუვარდა. რადიო „ათინათი“ დაღუპულის დას თეა ახალაიას ესაუბრა. ის ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის თანახმადაც კამერებმა რიგითის თვითმკვლელობის ფაქტი დააფიქსირეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჯონიმ 25 დღის წინ ცოლი შეირთო. რა თვითმკვლელობაზე საუბრობთ? თავდაცვის სამინისტრომ როგორც კი გაავრცელა და ეს ინფორმაცია მოვიდა ჩვენამდე, მამამ დარეკა სამინისტროში და ბოდიშების მერე პასუხი მივიღეთ, რომ გაირკვეოდა, ვინ დაწერა ეს ინფორმაცია და წაიშლებოდა. იყო წინა ღამის ნათევი, ნავარჯიშევი, გადაღლილი იყო. იმყოფებოდა 1 კაციან მოსასვენებელ ადგილას, ჩამოეძინა და გაუვარდა თოფი. ჩამოყრდნობილი იყო იარაღზე და ჩამოეძინა, არანაირი თვითმკვლელობა. წინა დღეს ვესაუბრე, რაღაცეები მაყიდინა, დაბადების დღე მაისში ჰქონდა. უამრავი გეგმა ჰქონდა. ვინც იცნობს, ყველა გეტყვით, რომ თავს არავითარ შემთხვევაში არ მოიკლავდა. შინაგანად იყო იყო ისეთი ადამიანი, უკონფლიქტო. ცოლს სწერდა, ერთი სული მაქვს 21 რიცხვი როდის მოვა, რომ გნახოო. რა თვითმკვლელობაზეა საუბარი, ჯერ ექსპერტიზის პასუხიც არ არის“, - ამბობს თეა ახალაია.

თავდაცვის სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გუშინ, 18 აპრილს გაავრცელა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რიგითმა ახალაიამ თვითმკვლელობა სენაკის სამხედრო ბაზაზე თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა, რაც, როგორც უწყებაში ამბობენ, "დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე არსებულმა ვიდეოსამეთვალყურეო კამერამ". ამავე ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

23 წლის ჯონი ახალაია ტყვიის გასროლის შედეგად სენაკის სამხედრო ბაზაზე რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზაც, რის შემდეგაც ის ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. 

Print