ახალი ამბები
ზუგდიდში ჯოხარ დუდაევის ხსოვნას პატივი მიაგეს (ვიდეო)
ზუგდიდში ეროვნული მოძრაობის წევრები ჩეჩნეთის (იჩქერიის) პირველი პრეზიდენტის მკვლელობიდან 26-ე წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ და ჯოხარ დუდაევის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ ზვიად გამსახურდიას ძეგლთან საქართველოსა და ჩეჩნეთის დროშები, ასევე მათ ხელთ არსებული ფოტოები მიიტანეს. 


"ეს ფოტო არის უნიკალური, გროზნოში გადაღებული დედანია, რომელიც ზვიად გამსახურდიას მუზეუმში ინახება. ჯოხარ დუდაევისა და ჩვენი პირველი პრეზიდენტის მეგობრობაზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას. "მივესალმები ჩეჩენი ხალხის ლტოლვას დამოუკიდებლობისათვის", - ეს ფრაზა თქვა ზვიად გამსახურდიამ ჩეჩნეთის პრეზიდენტთან საუბრისას. იცით, რომ ცნობილი მოვლენების შემდეგ პრეზიდენტი ჩეჩნეთში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით უთხრა მეგობარს - უნდა დავბრუნდე საქართველოში, ჩემს ხალხს ვერ მივატოვებ", - ამბობს ზვიად გამსახურდიას მუზეუმის წამყვანი სპეციალისტი დალი ლატარია. 

დევნილი ხელისუფლების წარმომადგენელი და ჩეჩნეთში მაშინდელი ელჩი სოსო თორია კი აღნიშნავს, რომ ზვიად გამსახურდიას და ჯოხარ დუდაევის მოღვაწეობა კავკასიის ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რომლის შესახებაც მომავალმა თაობებმა მეტი უნდა იცოდნენ.

"ამ დღეს დაიღუპა ჩეჩენი ერის უდიადესი შვილი ჯოხარ დუდაევი. წინააღმდეგობა, რომელიც ჩეჩენმა ერმა გასწია წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, იყო საერთო კავკასიური ღირსებისათვის ბრძოლა და გვინდა რომ ეს აღიაროს ეს მთელმა კავკასიამ. როდესაც ზვიად გამსახურდია დაიღუპა ჯოხარ დუდაევმა გვკითხა, ხომ შეიძლებაო საფლავის ქვაზე წარწერა მე გავაკეთოო? ვუთხარით, რომ რომ ეს დიდი პატივი იქნებოდა. საფლავზე მან დაიტანა წარწერა - "გულითად მეგობარს და უფროს მასწავლებელს". საერთო კავკასიური სახლის იდეა იმდენად დამაფრთხობელი იყო ამ ბინძური პოლიტიკოსებისთვის, რომ ისინი ყველანაირად წინ აღუდგნენ ამას, რასაც შეეწირა ეს ორი უდიდესი დამსახურების მქონე ადამიანი", - თქვა სოსო თორიამ.

მისივე ინფორმაციით, ჯოხარ დუდაევის გარდაცვალების დღეს ისინი უკვე წლებია იკრიბებიან. 

ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 1996 წლის 21 აპრილს სატელეფონო საუბრის დროს, სადაზვერვო თვითმფრინავის მიერ გადაცემული კოორდინატების მიხედვით მოკლეს. დაიბომბა ადგილი, სადაც დუდაევი იმყოფებოდა.
Print