ახალი ამბები
"იუდა!" - წაჩხურუში მეუფე სტეფანეს ხურდები შეაყარეს
წაჩხურობაზე მისულ მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯაშვილს ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი კვლავ პროტესტით დახვდა. მათ მეუფესა და მის თანმხლებ პირებს ხურდები შეაყარეს და სკანდირებდნენ "იუდა!". მანამ, სანამ მღვდელმთავარი ადგილზე გამოჩნდებოდა, წაჩხურუში ჩოხოსნები მივიდნენ, რომლებმაც განკვეთილ სასულიერო პირებს სანთლებისა და ხატების გაყიდვა აუკრძალეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის დაკავების საშუალება არ მისცეს.

"პირველ რიგში გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, შეგვეწიოს წაჩხურუს მადლი. ორი სიტყვით ვიტყვი იმას, რომ შეთანხმებული ვიყავით იმაში, რომ მოსულიყო, ეწირა და წასულიყო. ეს არ ინებეს - ჩვენი გაწყობილი ხატები დაგვირბიეს და გადაგვთელეს. ამის შემდეგ საკადრისი პასუხი გავეცით. სახელი დავარქვით, ე.წ იუდაა და 30 ვერცხლი მიიღო. ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ცხოვრებას და დათმობას არ ვაპირებთ არანაირად, ვიცით რომ მართლები ვართ. ამათ უნდათ, რომ ქუჩაში დავრჩეთ. ქუჩაში დარჩენილი ბერი ისეთი, როგორც თევზი უწყლოდ. ღმერთი არ დაგვტოვებს ისე. ისეთი ცხოვრება გაგვივლია, რომ ღმერთის იმედად ვართ. ესენი ჩვეულებრივი "კაზაკები" არინ. სტეფანე არის რუსოფილი, უნდა რომ ქართული ენა საქართველოში არ იყოს. დაყვება სუს-ი. დარწმუნებული ვარ, პოლიციამ და სუს-მა დაგეგმა დღევანდელი დღის განრიგი. აქ მოსულ მოქალქეებს, პირადად, ბოდიშს ვუხდი. სამი საათიდან მოდიოდა ხალხის ნაკადი, ჩვენ ჩვეულებრივად ვემსახურებოდით, ზოგი ხატს ყიდულობდა ზოგი სანთელს. ეს აგვიკრძალეს და აგვირიეს. მათ თავიანთი შესაწირი და სანთლები მოიტანეს. ფულზე არიან ორიენტირებული",- თქვა მამა დანიელმა, რომელიც მარტვილის ეპარქიიდან სხვა სასულიერო პირებთან ერთად რამდენიმე თვის წინ განკვეთეს.

დღეს წაჩხურუში ეკლესიის დღესასწაულია, რა დროსაც ადგილზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან მოსახლეობა და უშვილო წყვილები მოსალოცად ჩადიან.
Print