ახალი ამბები
უკრაინის სამხედრო ატაშე ალიკა ცაავას გასვენებას ესწრება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ალიკა ცაავასთვის პატივის მისაგებად წალენჯიხის ქალაქ ჯვარში უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი ჩავიდა.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის საგანგებოდ ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად ჩამოვიდა უკრაინიდან:

"ორ თვეზე მეტია, რაც რუსეთის მხრიდან, უკრაინაში მინდინარეობს ოკუპაციური ომი. ომის პირველივე დღიდან ქართველები მოხალისეობრივად წავიდნენ უკრაინაში, რათა დაეცვათ უკრაინის დმოუკიდებლობა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უკვე გვყავს ათი დაღუპული. დღეს მე თბილისში ჩამოვედი, რათა უკანასკნელ გზაზე გავაცილო ჩვენი გმირი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე დათმო უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ჩვენ სულ ვგრძნობთ ჩვენი ძმების, ქართველი ხალხის მხარდაჭერას",-  თქვა გენერალ-მაიორმა სერგეი კრავჩუკმა.

უკრაინაში 16 აპრილს დაღუპულ ქართველ მებრძოლს ალიკა ცაავას ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ. ალიკა ცაავას სამოქალაქო პანაშვიდი ჯვარში მიმდინარეობს. დღეს მას ოჯახის ახლობლები და საზოგადოების სხვადასხვა წევრები ემშვიდობებიან. მებრძოლი სამშობლოში კვირას, 24 აპრილს ჩამოასვენეს.

რუსეთ-უკრაინის ომში ამ დრომდე 10 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მათგან ერთის - სენაკელი ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება საქართველოში ამ დრომდე ვერ ხერხდება.

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ვიტალი ორბელაძის დაღუპვის შესახებ ცნობა 26 აპრილს გაავრცელა მოხალისეთა ბატალიონმა "კარპატსკა სიჩიმ". 46 წლის მებრძოლი ხარკოვის ოლქში, იზიუმში, 23 აპრილს დაიღუპა.


Print