ახალი ამბები
მკაფიოდ უნდა განსაზღვრო, როგორ პოლიტიკას გაატარებ, სუვერენულს თუ სხვის დაკრულ მუსიკაზე იცეკვებ - ზახაროვა რუსულ - ქართული ურთიერთობის პერსპექტივაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას შორის ვიდეო კონსულტაციები გაიმართა, წერს "აფსნიპრესი".
გამოცემის ინფორმაციით, 29 აპრილს გამართული ონლაინ შეხვედრის ფარგლებში, ზახაროვამ და არძინბამ "აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს". 

ამავე ცნობით, "ძირითადი ყურადღება დაეთმო იმ ფორმატების დანერგვას, რომლებიც "გამკაცრებული სანქციების პოლიტიკის პირობებში", დასავლეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან "შემოგდებული" არასანდო ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

იმავე დღეს, მარია ზახაროვამ აფხაზი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე:

"რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა უნდა განვითარდეს და ეს ბუნებრივია, რადგან ქვეყნებს აკავშირებს საერთო ისტორია, საერთო გამოწვევები და საფრთხეები, ასევე კულტურა და ადამიანური კომუნიკაცია", - განაცხადა ზახაროვამ.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ის რუსულ - ქართული დიალოგის განახლების პერსპექტივაზე, უკრაინის მხრიდან საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე მოწოდების ფონზე, მან უპასუხა:

"საქართველო ახლა გამოდის თავისი სუვერენული პოლიტიკიდან, აყალიბებს მას. მეჩვენება, რომ ეს არის დღეს თითოეული ქვეყნის ჭეშმარიტი სუვერენიტეტის გამოვლინება. ახლა დადგა დრო, როცა მკაფიოდ უნდა განსაზღვრო, როგორ პოლიტიკას გაატარებ, სუვერენულს, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს აკმაყოფილებს, თუ სხვის დაკრულ მუსიკაზე იცეკვებ", - დასძინა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ჟენევის დისკუსიების შესახებ დასმული კითხვის პასუხად, მან განაცხადა, რომ "ასეთი ინიციატივა არის გაუქმების კულტურის ნაწილი, რომელიც დომინირებს დასავლეთში. აუცილებელია განვასხვავოთ სამართლიანი ბრაზი, პრინციპული მიზეზების გამო დიალოგის წარმოების შეუძლებლობა და მოლაპარაკების პროცესის არაეფექტურობა, რომელიც, მაგალითად, ჩიხში შედის. რეალურად ხდება იდეოლოგიის თავს მოხვევა და ვინც ამას მხარს არ უჭერს, უბრალოდ ამოშლილია პროცესიდან".

ამ თემაზე ასევე კომენტარი გააკეთა ინალ არძინბამ:

"მარავალი წელია, საქართველო და კოლექტიური დასავლეთი საბოტაჟს აწარმოებენ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით. ჟენევის დისკუსიებზე ჩვენი მიზანია ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერა, საქართველოს მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარება. რა არის საქართველოს მიზანი ჟენევის დისკუსიებზე, ჩვენ გვესმის და ეს ძალიან გვიცრუებს იმედს".

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი 56-ე რაუნდი, რომელიც 2022 წლის 20-30 მარტს იყო დაგეგმილი, უკრაინაში ომის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით გადაიდო.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 55 - ე რაუნდი გასული წლის დეკემბერში გაიმართა.

Print