ახალი ამბები
მესტიაში დიალეზის სერვისი ამოქმედდა
დაბა მესტიაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა და პროცედურა ორმა პაციენტმა უკვე ჩაიტარა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მესტიის მუნიციპალური საავადმყოფო ჰემოდიალიზის სერვისის გასაწევად შესაბამისი აპარატურითაა აღჭურვილი. ადგილზე პაციენტებს რუხის კლინიკის დიალიზის ცენტრის სპეციალისტები მოემსახურებიან, პარალელურად, თბილისში გადამზადებას გადიან ადგილობრივი კადრები - ორი ექიმი და ორი ექთანი, რის შემდეგაც ისინი დიალიზით მოსარგებლე პაციენტებს მესტიის საავადმყოფოში მოემსახურებიან.

"სვანეთში მცხოვრებ ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, კვირაში სამჯერ ზუგდიდში ჩასვლა უწევდათ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დამატებით დროსთან და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ხშირად პაციენტებს, დიალიზის თერაპიის ჩასატარებლად, საკუთარი სახლ-კარის დატოვებაც უწევდათ. რეგიონებში დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის მინისტრმა აპრილის დასაწყისში დააანონსა", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.
Print