ახალი ამბები
გია ხარჩილავა მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერ აქციებზე: წალენჯიხა ამ პროცესების ავანგარდში იქნება
"მხარდაჭერას ვუცხადებთ მიხეილ სააკაშვილის ოჯახს, სააკაშვილის სიცოცხლის უფლებების და თავისუფლების უზრუნველყოფისათვის ბრძოლაში", - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ ჟურნალისტებს უთხრა. მან წალენჯიხის ცენტრში შეკრებილ მომხრეებთან ერთად ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა და დასძინა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე წალენჯიხა, შესაძლოა, ავანგარდშიც იყოს.

"მოვუწოდებ ყველას იმგვარი აქტიურობისკენ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა აქტიურობამ შეუქმნას ხელისუფლებას ის პირობები, რომ სასწრაფოდ იყოს გადაწყვეტილი ეს მნიშვნელოვანი საკითხი - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა, თავისუფლების უზრუნველყოფა და ზოგადად, ქვეყანაში იმ ტიპის სასამართლოს უზრუნველყოფა, რომელსაც შემდგომში ენდობა ქვეყანა, მოსახლეობა და თაობები.

მე მესმის, რომ ადამიანს, რომელიც თავისი ნებით ჩამოვიდა, ჩააბარა თავისი თავისუფლება, ოთხ კედელს შორის ვერ წაართვეს თავისუფლება, ღირსება. ახლა ხელისუფლებას უნდა იმ პირობებში, როცა თავისუფლება და ღირსება პატიმარს ვერ წაართვა, გაილაშქროს ერთადერთ დარჩენილ - სიცოცხლის უფლებაზე, ამიტომ მთელ საზოგადოებას მოვუწოდებ ჩვენ დავიბრუნოთ მისი სიცოცხლის და ჩვენი ღირსების და თავისუფლების უფლება", - აღნიშნა გია ხარჩილავამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახი და მათი მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასა და მის საზღვარგარეთ მკურნალობას მოითხოვენ. მედიკოსების შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
Print