ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია კვლავ ყველაზე მეტ საწვავს მოიხმარს - TI
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ სამეგრელო-ზემო სვანეთში, 2021 წელსაც, წინა წლების მსგავსად, გუბერნიებს შორის ყველაზე მეტი საწვავი მოიხმარა. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ. ორგანიზაციის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიამ გასულ წელს 45 066 ლიტრი საწვავი გახარჯა, რაც სულ 113 883 ლარი დაჯდა.

ამასთან, ყველაზე მეტი - 14 ავტომობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის სარგებლობაშია, თუმცა 8 მათგანი ამორტიზებულია.

TI-ის ცნობით, ჯამში რწმუნებულის ადმინისტრაციებმა ქვეყნის მასშტაბით 230 692 ლიტრი საწვავი გახარჯეს, რომლის 32 პროცენტი - 74,482 ლიტრი უშუალოდ სახელმწიფო რწმუნებულებზე მოდის.

ორგანიზაციის ანგარიშში ასევე წერია, რომ პრემიის, ჯილდოსა და დანამატის სახით 2021 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 28 905 ლარი გაიცა. ამ მაჩვენებლით მხარის ადმინისტრაცია რეგიონებს შორის მესამე ადგილზე. 2021 წელს ჯილდო, პრემია და დანამატი სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს არ აუღიათ.

რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, TI-ის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2021 წელს წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, მათ შორის რესტორნის მომსახურებაზე, ასევე საოფისედ სასმელი პროდუქტების (წყალი, ჩაი, ყავა) შესაძენად 29 948 ლარი გაიღეს, მათგან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაზე 3 983 ლარი მოდის.









Print