ახალი ამბები
სენაკის მერია მოსწავლეების ექსკურსიებისთვის 3 ათასამდე ლარს გამოყოფს
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია 160 სენაკელი მოსწავლისთვის ექსკურსიის ორგანიზებაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2800 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეები სამტრედიაში, სოფელ დიდ ჯიხაიში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს დაათვალიერებენ.

როგორც რადიო "ათინათს" სენაკის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა გივი მესაბიშვილმა უთხრა, ამ ეტაპზე საუბარია 15-დან 18 წლამდე მოსწავლეებზე.

"ჩვენ მივმართავთ ქალაქის სკოლებს, რომ მოგვაწოდონ მსურველების სიები. ასევე, ექსკურსიები გათვალისწინებულია ააიპ-ების სხვადასხვა წრის მოსწავლეებისთვის", - ამბობს მესაბიშვილი.

სატენდერო დოკუმეტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2022 წლის მაისიდან აგვისტომდე პერიოდში უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო მიკროავტობუსებით 160 მოსწავლის, 16 მასწავლებლის ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, კვება და მუზეუმის ბილეთების შეძენა.

წინადადებების მიღება ტენდერში მიმდინარე წლის 17 მაისს დასრულდება.
Print