ახალი ამბები
სენაკში სამშობიარო სახლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება
სენაკის მერია სამშობიარო სახლის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. შესაბამისი სამუშაოების ნაწილი, მერიის ინფორმაციით, 2020-2021 წელს უკვე ჩატარდა, ახლა კი მერიამ 84 415 ლარი გამოყო, ტენდერში კი შპს "მენათმა" გაიმარჯვა, რომელიც სამუშაოებს 81 777 ლარად განახორციელებს.

სენაკის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია ამბობს, რომ აღნიშნული ეტაპი უმეტესად კეთილმოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს, რაც მრავალწლიანი პროექტის ერთ-ერთი ნაწილია.

"პროექტირება უკვე დასრულებულია და ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, რომ სენაკის სამშობიარო სახლმა სრულყოფილი ფუნქციონირება შეძლოს. არ ვიცით, როდის დასრულდება, თუმცა, თუკი ფინანსები ამის საშუალებას მოგვცემს, შესაძლოა, წელსვე დავასრულოთ. ჯამში, დაახლოებით, 400 ათას ლარამდე უნდა დაჯდეს", - უთხრა ფაცაციამ რადიო "ათინათს".

შპს "მენათმა" კი, ხელშეკრულების ფარგლებში, სამუშაოები დოკუმენტის გაფორმებიდან ორ თვეში უნდა დაასრულოს. საუბარია სხვადასხვა ტიპის სამშენებლო და კეთილმოწყობით პროცესზე.

შპს სენაკის სამშობიარო სახლი ამ ეტაპზე მხოლოდ მედიკოსთან კონსულტაციების მომსახურებას გასწევს.


Print