ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილედაც ოპოზიციონერი აირჩიეს
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილედ დეპუტატებმა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი კახაბერ ჩანგელია აირჩიეს. მისი კანდიდატურა საკრებულოს სხდომაზე თემურ ბასილაიამ წარადგინა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. როგორც სახელისუფლებო ფრაქციის წევრებმა ჟურნალისტებს უთხრეს, წინა შემთხვევების მსგავსად, ისინი პროცესს ბოიკოტს უცხადებენ.

კახაბერ ჩანგელია ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 24 ხმით აირჩიეს. სხდომას 42 საკრებულოს წევრი დაესწრო.

ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულომ საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის გიგა ფარულავას სამივე მოადგილე "ქართული ოცნების" გარეშე აირჩია. პირველი მოადგილის პოსტს გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი მალხაზ თორია იკავებს, მეორე მოადგილედ კი ფრაქცია "ენმ"-ის თავმჯდომარე თემურ ბასილაია აირჩიეს.

ასევე ოპოზიციონერია ხუთივე კომისიის თავმჯდომარე.

45 კაციან საკრებულოში გადაწყვეტილების მიმღები უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს. ზუგდიდის წარმომადგენლობით ორგანოში ენმ-დან 22 დეპუტატია, გახარიას პარტიიდან - 3, "ქართული ოცნებიდან" - 20. 

Print