ახალი ამბები
ტატო ამბობდა, რომ ორი სამშობლო აქვს - უკრაინა და საქართველო - აზოვში დაღუპული სამხედროს ბიძა
აზოვში დაღუპული 27 წლის ტატოს ბიგვავას ოჯახის წევრებს დაღუპული მებრძოლის სამშობლოში ჩამოსვენება სურთ, თუმცა, ამბობენ, რომ პროცესი საკმაოდ რთული იქნება. როგორც ჟურნალისტებს მისმა ბიძამ ტრისტან ბიგვავამ უთხრა, მათთვის ორმაგად მტკივნეულია, რომ ცხედრის დატირების შესაძლებლობა არ აქვთ და არც ის იციან, როდის შეძლებენ ცხედრის ნახვას. რაც შეეხება ქართველ მებრძოლს, ტატო ბიგვავა 2015 წლიდან აზოვის ბატალიონშია და მას სამხედრო მამაცობისთვის მედალიც აქვს მიღებული.

„აზოვსტალის ბატალიონში ასეულის მეთაური იყო, მოჰყვა დაბომბვაში, მასთან ერთად 18 კაცია დაღუპული. მეორე სიკვდილია ჩვენთვის, ცხედარსაც რომ არ გვაღირსებენ, რომ დავიტიროთ, არ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში იქნება.

მშობლები დევნილები არიან აფხაზეთიდან და ომის შემდეგ წავიდნენ უკრაინაში, ტატოც იქ დაიბადა. პირველივე დღიდან ჩაერთო ომში. აპირებდნენ საქართველოში ჩამოსვლას ომამდე და აქ რომ ყოფილიყო, მაინც წავიდოდა უკრაინაში, რადგან ამბობდა, ორი სამშობლო მაქვს, საქართველო და უკრაინა. იბრძოდა და იცავდა როგორც უკრაიანას, ასევე საქართველოს, სამკერდე ნიშნად ჰქონდა ამ ორი ქვეყნის დროშა“, - თქვა ტრისტან ბიგვავამ.

ტატო ბიგვავა, რომლის ოჯახის წევრები ნარაზენში ცხოვრობენ, მეთერთმეტე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა. დაღუპული ქართველი მებრძოლებიდან მარიუპოლში გარდაცვლილი სენაკელი ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენეა ამ დრომდე ვერ ხერხდება, ალიკა ცაავა კი სამხედრო პატივით რამდენიმე კვირის წინ ზუგდიდში დაკრძალეს.


Print