ახალი ამბები
TI: სენაკში ტენდერებს მერის ბიძა და ბიძაშვილი იგებენ
სენაკის მერიის მიერ 2022 წლის მარტში გამოცხადებულ 5 ტენდერში, რომელთა ჯამური ღირებულება 2,614,550 ლარია, სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანიამ, სს “არქეოპოლისმა” და ბიძაშვილის, იოსებ გადელიას კომპანიამ, შპს “ინდიკომ” უკონკურენტოდ გაიმარჯვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ვახტანგ გადელია ადრე თავადაც მუშაობდა “არქეოპოლისში”.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სატენდერო დოკუმენტაციისა და პირობების შესწავლა, ასევე აღნიშნულ შესყიდვათა პროცესი აჩენს ეჭვებს კონკრეტულ მიმწოდებლებზე პირობების მორგებასთან დაკავშირებით.

„სს “არქეოპოლისმა” სამ ტენდერში გაიმარჯვა და ქალაქ სენაკის ორ ქუჩაზე და ხუთი სოფლის სხვადასხვა დასახლებაში გზის საფარი უნდა აღადგინოს, შპს “ინდიკო” კი ორი ტენდერის გამარჯვებულია, მას სენაკში, სამხედრო დასახლებაში არსებული კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის, შიდა გზების რეაბილიტაციისა და მოედნის მოწყობის სამუშაოები აქვს შესასრულებელი. აღნიშნულ მომსახურებათა შესყიდვა სენაკის მერიამ თავდაპირველად 2022 წლის იანვარში სცადა, თუმცა მხოლოდ ორი ტენდერის მეშვეობით“, - აცხადებენ TI-ში

როგორც ცნობილი ხდება, მერიამ ვერცერთ კომპანიასთნა ხელშეკრულებები ვერ გააფორმა, რადგან ამისთვის საკრებულოს თანხმობა იყო საჭირო. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კი სრულყოფილი ფუნქციონირება ამ დრომდე არ დაუწყია.

„შეწყვეტილ ტენდერებში როგორც სს “არქეოპოლისს”, ასევე შპს “ინდიკოს” კონკურენტი არ ჰყოლიათ, რაც სავარაუდოდ სატენდერო პირობებით განსაზღვრულმა მაღალმა ფინანსურმა მოთხოვნებმა განაპირობა - ერთ შემთხვევაში  შესყიდვაში მონაწილე პირს 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა ჰქონოდა ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რომელთა ჯამური ღირებულება არანაკლებ 7,877,300 ლარი უნდა ყოფილიყო. მეორე ტენდერის  შემთხვევაში კი, შესრულებული სამუშაოების ღირებულება არ უნდა ყოფილიყო 12,367,700 ლარზე ნაკლები“, - აღნიშნულია TI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.


ამავე ინფორმაციით, სენაკის მერიამ ამჯერად 25 და 29 მარტს ორი შეწყვეტილი ტენდერის ნაცვლად ექვსი ახალი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი, რომელშიც სს “არქეოპოლისი” გამოვლინდა გამარჯვებულად, ამჯერად 3 შესყიდვად დაიყო, ასევე 3 შესყიდვად დაიყო შპს “ინდიკოს” მიერ მოგებული ტენდერიც. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ გზით მერიამ შეამცირა მომსახურებათა ღირებულება, რითაც თავიდან აირიდა ხელშეკრულების გაფორმებაზე საკრებულოს თანხმობის საჭიროება.

„სს “არქეოპოლისმა”, მონაწილეობა მიიღო და უკონკურენტოდ გაიმარჯვა იმ შესყიდვებში, რომლებშიც წინა ჯერზეც გამოვლინდა გამარჯვებულად, მის მიერ შეთავაზებული თანხის ჯამი კი თითქმის წინა, შეწყვეტილი ტენდერის იდენტურია - სხვაობა მხოლოდ 48 ლარს შეადგენს. რაც შეეხება შპს “ინდიკოს”, მან სამიდან ორ ტენდერში, უკონკურენტოდ გაიმარჯვა, მესამე შესყიდვის გამარჯვებულად (ასვე უკონკურენტოდ) კი პარტია “ქართული ოცნების” შემწირველი კომპანია შპს “მშენებელი” გამოვლინდა.

როგორც წინა ორ შემთხვევაში, ასევე ახალ ტენდერებზე სენაკის მერიამ ფინანსური გამოცდილების საკმაოდ მაღალი მოთხოვნები წამოაყენა, რამაც, ჩვენი შეფასებით, მნიშვნელოვნად შეზღუდა ბაზარზე მოქმედი სხვა ალტერნატიული მიმწოდებლები და კონკურენცია, რადგანაც ამ მოთხოვნებს სენაკსა და რეგიონში მოქმედი კომპანიების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს.

სს “არქეოპოლისთან” დაკავშირებულია სენაკის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნანა ზარანდიაც - იგი 2019 წლის 8 თებერვლიდან 2020 წლის 12 ივნისამდე “არქეოპოლისის” დირექტორი იყო. ნანა ზარანდია ამავე დროს სენაკის მერიის სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეცაა, როგორც წინა, შეწყვეტილი ორი შესყიდვის, ასევე ახალი ექვსივე შესყიდვის დოკუმენტებში ხელს აწერს, რომ არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი არც სს “არქეოპოლისთან” და არც შპს “ინდიკოსთან”.

ვახტანგ გადელიამ ხუთივე შესყიდვაზე აღნიშნა, რომ გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი როგორც შპს “ინდიკოსთან”, ასევე სს “არქეოპოლისთან” და ხელშეკრულებათა გაფორმებაზე უფლებამოსილება მერის პირველი მოადგილისთვის აქვს დელეგირებული. მიუხედავად ამისა, ზემოთ მოყვანილი გარემოებები აჩენს ეჭვებს პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს სენაკის მერიის ტენდერებში სს “არქეოპოლისისა” და შპს “ინდიკოს” მონაწილეობის პროცესი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

Print