ახალი ამბები
ზუგდიდის მერი: ყინულის მოედნის პროექტირება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება
ზუგდიდის მერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ბენდელიანის ქუჩაზე საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედნის პროექტირებაზე მუშაობს. ასე უპასუხა ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ რადიო "ათინათის" კითხვას, თუ რა ეტაპზეა ქალაქში ყინულის მოედნის მოწყობის საკითხი. მერი განმარტავს, რომ აქამდე არსებული გასაბერი კონსტრუქცია ამორტიზებულია, მისი შენახვა კი დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, რის გამოც მისი იმავე სახით გადატანა არ იგეგმება.

"გასაბერ კონსტრუქციას პირდაპირ ვერანაირად ვერ გადავიტანდით. ამასთან, ძალიან ხარჯიანია, ამიტომ გვექნება უფრო მყარი კონსტრუქცია, რომელსაც მიმდინარე ხარჯები არ დასჭირდება. ეს იყო ძირითადი შემაფერხებელი მომენტი, რის გამოც ვერ მოხერხდა აქამდე მისი გადატანა და ინსტალაცია. როგორც კი პროექტი იქნება, მერე თავისთავად დაფინანსების წყაროს მოძიებაზე გადავალთ. პროექტირების ნაწილში, ალბათ, წლის ბოლომდე ჩავეტევით, მერე ვნახოთ, რა იქნება ბიუჯეტი და სამუშაოებს როდის დავიწყებთ. პროექტი როცა გვექნება ხელში, მერე შეგვიძლია უფრო დეტალურად ვისაუბროთ და კონკრეტული ვადებიც დავთქვათ", - ამბობს მერი. 

მამუკა წოწერიას ინფორმაციით, ყინულის მოედნის მშენებლობის ლოკაციად კვლავ ბენდელიანის ქუჩა მოიაზრება, სადაც მისივე თქმით, საცურაო აუზის მოწყობაა დაგეგმილი. ის ვარაუდობს, რომ თანხების მობილიზება სხვადასხვა გზით მოუწევთ. 

"ადგილობრივი ბიუჯეტიდან ალბათ არა, დაგვჭირდება სახელმწიფო ბიუჯეტის ან მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარება ამასთან დაკავშირებით. იაფი ნამდვილად არ იქნება, იმიტომ, რომ საერთაშორისო სტანდარტის მოედანი მოეწყობა, სადაც სპორტული ღონისძიებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. იმ პარამეტრებით, რა პარამეტრებითაც გვქონდა, სპორტული აქტივობებისთვის არ იყო საკმარისი, აქედან წამოვიდა იდეა, რომ იყოს სტანდარტის შესაბამისი", - თქვა მამუკა წოწერიამ. 

რაც შეეხება ყინულის ყოფილი მოედნის ტერიტორიას, რომელიც m²-მა შეიძინა, მერის ინფორმაციით კომპანიამ მშენებლობის ნებართვა გასული წლის ნოემბერში მიიღო და სასტუმროს ასაშენებლად 30 თვემდე ვადა აქვს.

"გვქონდა კონსულტაციები და ისინი არიან ფინანსური რესურსის მობილიზაციის ეტაპზე, აქვთ 30 თვე ამ პროექტის განსახორციელებლად. ჯერ, ყოველ შემთხვევაში, ვადა აქვთ",- გვითხრა მერმა.

სკეიტპარკში მდებარე ყინულის სასახლის ტერიტორია სამშენებლო კომპანია m²-მა 7 270 118 ლარად შეიძინა. კომპანია აქ 80 ნომრიანი, საერთაშორისო სტანდარტების ბრენდულ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.

ყინულის მოედნის მშენებლობა ზუგდიდში 2012 წელს დაიწყო. ის წლების განმავლობაში სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებდა და პერიოდულად იხურებოდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენებლობისა და შენახვისთვის გაწეული ხარჯის შესახებ მომზადებული კვლევის მიხედვით, ჯამში, ის ბიუჯეტს 8 მილიონ ლარამდე დაუჯდა.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის მერია ყინულის საწმენდ მანქანას აქირავებს

რატომ გადაიდო ზუგდიდში ყინულის სახლის მშენებლობა და სხვა პროექტები 2021 წლისთვის

TI: ზუგდიდში ყინულის ჯერაც დაუსრულებელი მოედნის მოწყობაზე 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯა

ზუგდიდში ყინულის სასახლის ტერიტორია m² - მა იყიდა

ყინულის სახლის ტერიტორიის გაყიდვა - ზუგდიდის განვითარების შესაძლებლობა თუ საზოგადოების აზრის უგულებელყოფა (ვიდეო)


Print