ახალი ამბები
სოხუმმა საერთაშორისო ორგანიზაციის "ქართულ - აფხაზური" პროექტი დახურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაცია "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" პროექტი დახურა. საუბარია პროექტზე, რომელიც უკავშირდება ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესებას ინკლუზიური განვითარების გზით. 

უწყებაში აცხადებენ, რომ "უშიშროების სამსახურთან" ერთად გამოავლინეს ფაქტები, რომლებიც პროექტის შესახებ მოწოდებულ მონაცემებსა და მის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებს შორის შეუსაბამობაზე მიუთითებენ, რაც 
"სამინისტრომ "სარწმუნო მონაცემების დამალვად" შეაფასა. მათი განცხადებით, შესაბამის სააგენტოში წარდგენილ კითხვარში არასრული ინფორმაცია იყო მითითებული, რაც პროექტის/პროგრამის დასამტკიცებლად წარსადგენი წესების დარღვევად მიიჩნიეს.  კერძოდ, აფხაზეთის "ხელისუფლება" უკმაყოფილოა პროექტის იმ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების წარმომადგენლების ჩართვას კულტურათაშორის დიალოგში ერთობლივი ტრენინგებისა და სემინარების გზით მოლდოვაში, ავსტრიასა და სომხეთში.

"მსგავსი ინიციატივები წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა და მიმართულია აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული მიზნებისა და ამოცანების ხელშეწყობისაკენ", - ნათქვამია "საგარეო საქმეთა სამინისტროს" განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ უწყება მოუწოდებს ყველა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, "დაიცვან პროექტების განხორციელების გამჭვირვალობის პრინციპი და არ გასცდნენ ჰუმანიტარულ მიდგომას".

19 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ინალ არძინბამ ადგილზე მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძოდ World Vision-ის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს და UNDP (გაეროს განვითარების პროგრამის) აფხაზეთის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. მან განაცხადა, რომ მიუღებლად მიაჩნია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც აფხაზებისა და ქართველების პირდაპირ დიალოგს უწყობს ხელს, მათ შორის, ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

უფრო ადრე, 2021 წლის 6 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება მოითხოვდა, რომ მასთან წინასწარ შეთანხმდეს ადგილობრივი არასამთავრობოების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

ინფორმაციისთვის, "უცხო აგენტების" შესახებ კანონპროექტის შემუშავებას დე ფაქტო რესპუბლიკის "იუსტიციის სამინისტრო" რუსეთთან "ერთიანი სოციალურ - ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ" პროგრამის ფარგლებში გეგმავს. პროგრამა "აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს". 

31 წლის ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი. მისი წინამორბედი იყო დაურ კოვე, რომელიც ამ პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.

არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, 2014-2018 წლებში ის "დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში" მუშაობდა, სადაც უკრაინის განყოფილებას, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა.

ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილესთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.

უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში — უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.




Print