ახალი ამბები
ზუგდიდის მერია "აფხაზეთობის" დღესთან დაკავშირებით სპექტაკლის დადგმის მომსახურებას შეისყიდის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლის "სარა ბარა ბზბია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ" დადგმის მომსახურებას ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში გამარტივებულად შეისყიდის. ღონისძიებისთვის 6 020 ლარი გამოიყო. როგორც შესყიდვების საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია განმარტებული მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების თემაზე, ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობისათვის, სპეკტაკლის ჩვენება 23 მაისისთვის დაგეგმა.

"როგორც ცნობილია, 2014 წელს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ 23 მაისი "აფხაზეთობის" დღედ გამოაცხადა. ფაქტია, რომ ზუგდიდი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის დარეგულირების საკითხში ერთ-ერთი საკვანძო ქალაქია და გარდა ამისა, ის წარმოადგენს დედაქალაქის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქს, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტად არის წარმოდგენილი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა. გამომდინარე აქედან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 2015 წლიდან ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს "აფხაზეთობას". ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული კოვიდპანდემიის გამო ღონისძიება გარკვეული დროით არ განხორციელებულა. მიმდინარე წელს, ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობისთვის დაიგეგმა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლის „სარა ბარა ბზბია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“ ჩვენება, რომელიც ასახავს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს და საქართველოს გამთლიანების იდეას", - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.



Print