ახალი ამბები
სოხუმს პარიზის კლიმატის შეთანხმებასთან შეერთება სურს
სოხუმში სურთ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციას და პარიზის შეთანხმებას შეუერთდნენ. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ 15 მაისს - კლიმატის საერთაშორისო დღეს განაცხადა. მისი თქმით, "საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე აწარმოებს კონსულტაციებს დეპუტატებთან, ექსპერტებთან და შესაბამის სამთავრობო უწყებებთან საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეერთების საკითხზე".

უფრო ადრე, სოხუმმა მოითხოვა, რომ გაერომ მას "მეთვალყურე სახელმწიფოს" სტატუსი მიანიჭოს, რაც გენერალური ასამბლეის დისკუსიებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის სახელზე მომზადებული მიმართვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ მოსკოვში, "აფხაზეთის საელჩოში" "გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტს, ალექსეი ბორისოვს 2022 წლის თებერვალში გადასცა. მაშინ არძინბამ თქვა, რომ მათი სურვილია "მსოფლიომ გაიგოს აფხაზეთის ხმა" და თავად გააგებინონ "როგორ არის საქმე მათ ქვეყანაში".

ამ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას".

შეთანხმებას, რომელიც პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში 2015 წლის დეკემბერში მიიღეს, საქართველომ ხელი 2016 წლის აპრილში მოაწერა, ძალაში კი 2017 წლის 7 ივნისს შევიდა. 


Print