ახალი ამბები
ზუგდიდში ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად შეიკრიბნენ
ზუგდიდის ცენტრში ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად აქცია გაიმართა, რომელსაც ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს "მთავარი არხის" დირექტორს, რომელსაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

"ეს არის სოლიდარობა არამხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის მიმართ. მე წარმოვადგენ კრიტიკულ მედიას, მედიას რომელიც არია მიუღებელი ჩვენი მთავრობისთვის, თუ შეიძლება ამ ყველაფერს მთავრობა ერქვას. ვაპროტესტებთ იმ რეალობას, რაც საქარველოში სუფევს და რა გადაწყვეტილებაც დღეს მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ", - აღნიშნა ტვ "ფორმულას" რეგიონულმა კორესპონდენტმა დათო მანიამ.

აქციაზე მყოფი არჩილ თოდუა, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმოადგენს, მიიჩნევს, რომ დღეს გამოტანილი განაჩენი სახიფათო გზავნილია ყველა სხვა კრიტიკული მედიის მიმართ.

"სერიოზული პრობლემა გვაქვს სახელმწიფოში პოლიტიკური მართლმსაჯულების თვალსაზრისით. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" შეისწავლა ეს საქმე და შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ. სახელმწიფო ცდილობს დააშინოს, ზეწოლა განახორციელოს კრიტიკულ მედიაზე, რაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ამძიმებს, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ ახლა განიხილება საქართველოს პასუხები იმ კითხვებზე, რაზეც არის დამოკიდებული გავხდებით თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო. პრობლემა გვაქვს ის, რომ ეს არის მიკერძოებული გადაწყვეტილება, პოლიტიკური დევნა და საბოლოო ჯამში, აფერხებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, რომ ის გახდეს დასავლური ინსტიტუციების ნაწილი. ამ ყველაფერი ქვეყანა შეჰყავს ჩიხში, რაც არ წარმოადგენს ქართული საზოგადოების დაკვეთასა და ინტერესს. ქართული საზოგადოების მიზანია ქვეყანაში იყოს დემოკრატიული მმართველობა, სადაც მედია თავისუფალი იქნება ყველანაირი ზეწოლისა და გავლენებისგან", - თქვა არჩილ თოდუამ. 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნულს უკვე გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და დიპლომატები. საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას.

"თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია. აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

ნიკა გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა - TI

Print