ახალი ამბები
თეა ახვლედიანი გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ ქალებს და მესხიას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშუ თეა ახვლედიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ახვლედიანმა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN-WOMEN) ხელმძღვანელ კაორი იშიკავასთან ერთად, შეხვედრა გამართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ ქალებთან, მინისტრი ასევე შეხვდა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ სტუდენტებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარე პროცესის გაცნობა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების იცინიატივებისა და მოსაზრებების გაზიარება, განახლებულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში შემდგომი გათვალისწინების მიზნით. თეა ახვლედიანმა შეხვედრებზე ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და ახალი სტრატეგიის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.

"სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესს, რომლის ფარგლებშიც პრიორიტეტი გახდება ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება და მათი უფრო აქტიური ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში. ქალებსა და ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ როგორც კონფლიქტის პრევენციის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში. სწორედ ამიტომ, მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ერთი მხრივ მათი ჩართულობის გაძლიერებისკენ სამშვიდობო და სახალხო დიპლომატიის ინიციატივებში, ასევე მათ წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენისა და მათზე რეაგირებისკენ. სწორედ ამ საკითხებზე შედგა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძალიან საინტერესო დისკუსია, როგორც კონფლიქტით დაზარალებულ ქალბატონებთან, ასევე გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ სტუდენტებთან," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

გუშინ თეა ახვლედიანი გიგა ოთხოზორიას საფლავზეც იმყოფებოდა.
Print