ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, აფხაზეთიდან დევნილი რატი შურღაია სამშობლოში წუხელ ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მის ცხედარს ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეებიდახვდნენ.

უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან, აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი რატი შურღაია რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. ახლობლების ინფორმაციით, მან ერთ-ერთი შეტაკების დროს კონტუზია მიიღო, თუმცა საომარ მოქმედებებში მონაწილეობა გააგრძელა, მოგვიანებით კი მდგომარეობის გართულების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

38 წლის რატი შურღაია ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა. ის მეთორმეტე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა.

შურღაიას დარუპვამდე რამდენიმე დღით ადრე ქალაქ მარიუპოლში "აზოვსტალის" ტერიტორიაზე რუს ოკუპანტებთან ბრძოლას წარმოშობით ქართველი მებრძოლი 27 წლის ტატო ბიგვავა შეეწირა.

დაღუპული ქართველი მებრძოლებიდან მარიუპოლში გარდაცვლილი სენაკელი ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ალიკა ცაავა კი სამხედრო პატივით რამდენიმე კვირის წინ ზუგდიდში დაკრძალეს. 

Print