ახალი ამბები
100 000 -ზე მეტ ფერმერს აგროქულები უკვე დაერიცხა
საინფორმაციო სააგენტო bm.ge - ის ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროქულები 100 ათასზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა. 1,200-ზე მეტმა ფერმერმა აგრობარათი უკვე გააქტიურა, მათგან 340-მა კი, სახელმწიფოს დახმარება უკვე გამოიყენა და სპეციალიზებულ მაღაზიებში აგროქულები გაანაღდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის აგრობარათებზე თანხის დარიცხვა ეტაპობრივად ხორციელდება და პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით.

უწყების ცნობით, ჯამში პროგრამით 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს და დარიცხული ქულებით საქართველოს მასშტაბით, 300-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონელს შეიძენს. პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ პროგრამით სარგებლობისთვის, ფერმერებმა დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია უნდა გადამოწმონ  „ლიბერთი ბანკის“ ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით და შემდეგ მიმართონ ბანკის ნებისმიერ ფილიალს არსებული აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად.

ასევე, პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზისა (1501) და ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (2 55 55 00) მეშვეობით.

აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.

Print