ახალი ამბები
შეუძლებელია აქ ცხოვრება - ფოთში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა გაფორმების ეკონომიკური ზონისკენ  მიმავალი საავტომობილო და სარკინიგზო გზა გადაკეტეს. შეკრებილები პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების ღია წესით დამუშავებას აპროტესტებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ცხოვრება გაუსაძლისია და ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. მოსახლეობის ინფორმაციით, მათ რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. 

"იწამლება ბავშვები, ახლახან მეზობელმა წაიყვანა შვილები ქუთაისში და ისევ ძალიან ცუდი ანალიზი დაუდგინდათ. აქ შეუძლებელია ცხოვრება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ გავაგონეთ მთავრობას. ვითხოვთ გადაგვასახლონ, მიიღონ ზომები, მაგრამ, მათ ჩვენი წვალება უნდათ. რაც უფრო მალე მოხდება ჩვენი გადასახლება, მით უკეთესია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ნაბიჯი ვერ გადაიდგა. გვქონდა ღარიბაშვილთან საუბარი, მან ბრძანა ეს ხალხი ღირსეულად გაუშვით აქედანო. იყო საუბარი, რომ გამონახულიყო ალტერნატიული ფართი, მაგრამ 8 თვე კაციშვილი არ გამოჩენილა. გადავწყვიტეთ თანხა მოვითხოვოთ და ყველამ თავს ვუშველოთ. მეტი სხვა გამოსავალი არ ჩანს", - უთხრა ჟურნალისტებს აქციის მონაწილე რამაზ კუბეციამ.

ადგილობრივი ხელისუფლების წევრები აღნიშნულ საკითხზე დღეს კომენტარს არ აკეთებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

მსგავსი მოთხვნებით ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები წლებია პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ.

Print