ახალი ამბები
მეთადონის პროგრამას სავარაუდოდ რუხის კლინიკაში გადაიტანენ
მეთადონით ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარები სერვისით სარგებლობას ქალაქის ცენტრის ნაცვლად, სავარაუდოდ, რუხის კლინიკაში გააგრძელებენ. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. გამარჯვების ქუჩაზე კი ცენტრის ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილება დარჩება. 

დეტალებზე ზუგდიდის მერიას დავუკავშირდით. პრესსამსახურში დაგვიდასტურეს, რომ რუხის კლინიკა ერთ-ერთია, სადაც პროგრამის გაგრძელება განიხილება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბენეფიციარებისთვის ინფრასტრუქტურულად უსაფრთხო, ადაპტირებული, სუფთა გარემოს შექმნა", - აღნიშნავენ მერიაში.

მასალა ზუგდიდში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის განყოფილების გადატანის მოთხოვნის შესახებ მიმდინარე წლის 2 მაისს გამოვაქვეყნეთ. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ მოსახლეობა ცენტრის გადატანას მეთადონის ჩანაცვლებითი თერაპიით მოსარგებლეთა ქცევისა და უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო ითხოვდა. მოქალაქეებმა ამ მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს არაერთხელ მიმართეს, ბოლოს კი ადგილობრივ ხელისუფლებას წერილი გაუგზავნეს. თავის მხრივ, ზუგდიდის საკრებულომ მოქალაქეთა მხრიდან შემოსული კოლექტიური წერილის საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.

მოგვიანებით, 11 მაისს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტში რადიო "ათინათის" მასალაში გამოყენებული ფოტოები მიიტანა და ჯანდაცვის მინისტრს მათი დათვალიერება შესთავაზა.

ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად, როდიდან ისარგებლებენ მეთადონით ჩანაცვლების პროგრამის მონაწილეები ახალ ლოკაციაზე.


ამავე თემაზე:

ანა წითლიძემ ჯანდაცვის მინისტრს ზუგდიდში მეთადონის პროგრამით მოსარგებლეთა ცენტრის სხვაგან გადატანა სთხოვა

ზუგდიდში იმ ცენტრის გადატანას ითხოვენ, რომლითაც მეთადონის პროგრამის ბენეფიციარები სარგებლობენ

Print