რეგიონი
ქმრის მიერ მოკლული ზუგდიდელი ქალის საქმეზე პოლონეთს ევროსასამართლოში უჩივლებენ
პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული 27 წლის ზუგდიდელი როზეტა ყალიჩავას საქმეზე ორგანიზაცია “საფარი” პოლონეთის სახელმწიფოს ევროსასამართლოში უჩივლებს.
როგორც ორგანიზაციის იურისტმა თამარ ლუკავამ ჟურნალისტებს უთხრა, პოლონეთის შესაბამისმა უწყებებმა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლის უფლება ვერ დაიცვეს.

ლუკავა, რომელიც მოკლული ქალის ოჯახის წევრებს სოფელს დარჩელში, მათ საცხოვრებელ სახლში შეხვდა, ამბობს, რომ არაერთი ფიზიკური ძალადობის შემდეგ პოლიციამ მოძალადე მამაკაცს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა და დააკავა, თუმცა, მხოლოდ ორი დღით, რის შემდეგაც მამაკაცი გაათავისუფლეს. სწორედ ორგანიზაცია “საფარს” სთხოვა დახმარება რანდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქალმა.

როზეტა ყალიჩავა პოლონეთში საკუთარმა ქმარმა ორი დღის წინ მოკლა, შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა და სახლში ხანძარი გააჩინა. მოკლულს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ოჯახი ცხედრის გადმოსვენებასა და ბავშვებზე მეურვეობის საქმეში ქართული სახელმწიფოს დახმარებას ითხოვს.
Print