ახალი ამბები
წალენჯიხაში, მარტვილში, აბაშაში, ხობსა და ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, რეგიონში სულ 12 სამართალდარღვევაა გამოვლენილი.

"წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები, სხვადასხვა სახეობის ჯამში 22,95 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტისა (ფიცარი) და 3,8 კუბური მეტრი მოცულობის "ნაგვერდულის" უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეებმა, ჯამში 1,07 კუბური მეტრი მოცულობის სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირება განახორციელეს.

ხობის მუნიციპალიტეტში მოქალაქეს ავტომანქანის ძარაზე განთავსებული ჰქონდა 12,7 კუბური მეტრი მოცულობის წიფლის სახეობის ფიცარი. დოკუმენტაციის გადამოწმებისას გაირკვა, რომ სამართალდამრღვევი 3,75 კუბური მეტრი მოცულობის ფიცრის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 4,5 კუბური მეტრი მოცულობის ფიცრის, აბაშის მუნიციპალიტეტში კი, 0,61 კუბური მეტრი მოცულობის ძელაკის, 0,82 კუბური მეტრი ძელისა და 0,75 კუბური მეტრი მოცულობის ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტებია გამოვლენილი", - ვკითხულობთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

ამავე ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს. ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ხე-ტყე დაილუქა. იმ ფაქტების მასალები კი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
Print