ახალი ამბები
სოხუმში კალაშნიკოვის განცხადებას რუსული ენის დისკრიმინაციაზე გაუგებრობა უწოდეს
"რუსულ ენას აფხაზეთში არ აკნინებენ და არ არსებობს მისი გაქრობის საფრთხე", ნათქვამია "აფხაზეთის რუსული თემისა" და "აფხაზეთის შავი ზღვის კაზაკთა არმიის" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას და მას გაუგებრობა უწოდეს.

აქვე აღნიშნულია, რომ კალაშნიკოვის განცხადებები აფხაზეთში რუსული ენისთვის არსებული საფრთხეების შესახებ მიუღებელი და არამეგობრული თავდასხმაა აფხაზეთის მთელ მრავალეროვნულ ხალხზე, "რაც მიზნად ისახავს ეთნიკური დაძაბულობის შექმნას რესპუბლიკაში და ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ გვჯერა, რომ რუსული ენა, აფხაზურ ენასთან ერთად, კონსტიტუციურად და კანონიერად არის დაცული და აქტიურად გამოიყენება აფხაზეთის მოქალაქეებში... და ხელს უწყობს ეთნიკურ კომუნიკაციას და სუვერენული სახელმწიფოს კულტურულ და საგანმანათლებლო განვითარებას".

განცხადებას ხელს აწერენ:

არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზეთის რუსული თემი",

არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზეთის შავი ზღვის კაზაკთა არმია",

არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზეთის კაზაკთა და საომარი მოქმედებების ვეტერანთა კაზაკთა კავშირი",

აფხაზეთსა, დონეცკისა და ლუგანსკის ე. წ. სახალხო რესპუბლიკებსა და რუსეთს შორის ურთიერთობების განვითარების ფონდი "სამშობლო",

არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზეთის კაზაკთა საზოგადოება".

უფრო ადრე, კალაშნიკოვის განცხადებას აფხაზეთში რუსული ენის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა გამოეხმაურა. 25 მაისს კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც არძინბაც ესწრებოდა, კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ "აფხაზეთის კანონმდებლობაში" შესატანი ცვლილებები შესაძლოა, რუსული ენის დისკრიმინაციის მიზეზი გახდეს. ცვლილებები ითვალისწინებს აფხაზური ენის სავალდებულო ცოდნას არჩევით თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატებისთვის.

ინალ არძინბამ კი განაცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსულ ენას განსაკუთრებული სტატუსი აქვს და "მაქსიმალურად გამოიყენება რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, იქ მცხოვრებ მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფებს შორის".

მან დასძინა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენის შესახებ კანონის" თანახმად, "აფხაზეთის ყველა მოქალაქეს განათლების მიღების გარანტია აქვს აფხაზურ და რუსულ ენებზე."
აღნიშნულ საკითხს ცხარე განხილვა მოჰყვა სოციალური ქსელი აფხაზურ სეგმენტშიც.

"... ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის საერთოდ არ ფლობს სიტუაციას აფხაზეთში რუსული ენის მდგომარეობასთან დაკავშირებით. რუსული ენა აფხაზეთში მოჭარბებულადაც კი გამოიყენება, რითაც სრულიად ავიწროებს მშობლიურ, აფხაზურ ენას. ეს რა თქმა უნდა რუსეთის ბრალი არა არის. ჩვენი ხალხი, უფროსი თაობა განიცდის, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები უარს ამბობენ მშობლიურ აფხაზურ ენაზე და მთლიანად რუსულზე არიან გადასულები", - წერს სოციალური ქსელი ერთ- ერთი აქტივისტი გენადი საბუა.

იყო უფრო მძაფრი კომენტარებიც:

"ეს ადამიანი აფხაზური ენის წინააღმდეგ გამოდიოდა, უფრო ადრე კი თავის ქვეყანასთან მიერთდება სურდა ჩვენი მიერთება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას არაფერი გაეგება რეგიონული პოლიტიკისა და ან შემთხვევით ითბობს მეხუთე წერტილს ამ თანამდებობზეზე, ან მას საგანგებოდ იყენებენ, როგოც ავ ძაღლს, რომელიც ყველას უყეფს".

მიმდინარე წლის მარტში სოხუმში საპარლამენტო არჩევნების შედეგები განიხილეს, რის შედეგადაც რუსი ეროვნების რამდენიმე კანდიდატი დეპუტატობის მანდატისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

მანამდე კი დე ფაქტო რესპუბლიკის  "საპარლამენტო არჩევნების შესახებ კანონში" ცვლილებები შეიტანეს, რაც კანდიდატების მიერ აფხაზური ენის სავალდებულო ცოდნას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, მკაცრდება საჯარო მოხელეებისთვის აფხაზური ენის ცოდნის მოთხოვნები. რუსეთის დუმის წევრის განცხადებით, მსგავსი ინიციატივები ეთნიკური წინააღმდეგობების გამწვავების საფრთხეს შეიცავს". ამის მაგალითად მან უკრაინის გამოცდილება დაასახელა, წერს "ეხო კავკაზა".

ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, მშობლიური ენის გამოყენების უფლებით ვერ სარგებლობენ გალის რაიონის მცხოვრები ეთნიკური ქართველები, რადგანაც სკოლები რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდა.






Print