ახალი ამბები
ენმ-ს მტკიცებით, სენაკში მათი თანაპარტიელი გაუჩინარდა
სენაკში პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა "ქართულ ოცნებას" მათი თანაპარტიელის მიმართ ზეწოლაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ თეკლათის მაჟორიტარი ვახტანგ წურწუმია გაუჩინარებულია. მათი მტკიცებით, მმართველი ძალა წურწუმიაზე ზეწოლას ცდილობს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ის ოპოზიციას დატოვებს, ენმ სენაკის საკრებულოში უმრავლესობას კარგავს, სენაკში კი შუალედური არჩევნების გამართვა გახდება საჭირო.

"ბოლო დღეებში ის იყო აფორიაქებული, განადგურებული. მაქვს ინფორმაცია, რომ მასზე მიმდინარეობდა მუდმივი ზეწოლა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ჩემთან, საღამოს კი ჩემი კუთვნილი ავტომობილით წავიდა თავის სახლში, დილით უნდა შევხვედროდით, მაგრამ არ მოვიდა. მოვიკითხე, მანქანა დამხვდა მის ჭიშკართან და გასაღები იდო შიგნით. ოჯახში არავინ იცის სად არის ადამიანი, ვეძებდით და ვერ ვპოულობთ. ცდილობენ გაიყვანონ დრო და აიძულონ დატოვოს მანდატი. მთავარია ცოცხალი იყოს, არ განმეორდეს ის ტრაგედია, რაც მოხდა ბათუმში. ის არაა გუშინ და გუშინ წინ მოსული პარტიაში. ადამიანს არასოდეს არ წაუგია თავისი სოფელი, გოლასკური. არ მაქვს ინფორმაცია ოჯახმა დაკარგვის შესახებ განაცხადა თუ არა პოლიციაში, მაგრამ მთელმა სენაკმა იცის უკვე ეს ამბავი", - უთხრა ჟურნალისტებს სენაკის საკრებულოს წევრმა ლაშა კუჭავამ.

თავის მხრივ, ბრალდებებს უარყოფენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ მოძალადეები ოპოზიციამ საკუთარ რიგებში უნდა მოიძიოს.

"რაც შეეხება ძალადობას და ვიღაცაზე ზეწოლას, ეს არ არის მმართველი გუნდის, პარტიის პოზიცია. ძალადობა მოიკითხონ უკან, ყოველთვის თვითონ იყვნენ მოძალადეები. მე ამ ადამიანს ვიცნობ როგორც საკრებულოს წევრს, სხვა არანაირი შეხება არ მქონია. მე არ ვიცი რა განცხადება გააკეთეს. პირველად მესმის ასეთი რაღაცა, მსგავსი ხელწერა ჩვენი გუნდიდან არ იქნება", - თქვა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ინგა ქარდავამ.

წარმომადგენლობით ორგანოში სულ 33 წევრია, მათ შორის "ქართული ოცნებიდან" 16 დეპუტატი, 13 ნაციონალური მოძრაობიდან, ხოლო 4-ს კი პარტია "საქართველოსთვის" მანდატი აქვს.


ამავე თემაზე: 

TI: სენაკში საკრებულოს ხელახალი არჩევნები „ქართული ოცნების“ ინტერესებშია

სენაკის საკრებულოში ხელოვნური კრიზისი მოქალაქეების არჩევანის შესაცვლელად გრძელდება, - სიჭინავა

სენაკში "ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს
Print