ახალი ამბები
18 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ერთ ექიმს სახელმწიფო სერთიფიკატი გაუუქმდა
ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს წევრებმა ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით 7 საქმე განიხილეს და გადაწყვეტილებები მიიღეს.

უწყების ინფორმაციით, ერთ ექიმს ერთ-ერთ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, მეორე სპეციალობაში კი მოქმედების ვადა 6 თვით შეუჩერდა. ამასთან, 18 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მისცეს. მიზეზი, საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფესიული გადაცდომაა.


პროფესიული განვითარების საბჭო ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. საბჭოს წევრები განიხილავენ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.

გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება, ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print