ახალი ამბები
ზუგდიდის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს ელექტრონულად დაარეგისტრირებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღებში აღსააზრდელებს ელექტრონული რეგისტრაციის საშუალებით მიიღებენ. მერიის ა.ა.ი.პ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ, ამ ეტაპზე გროვდება მონაცემები მისაღები რაოდენობის შესახებ, რის შემდეგაც კონკრეტული თარიღი გადაწყდება.

"წელს პირველად რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ზუგდიდში ხდება ელექტრონული რეგისტრაცია ბაღებში. ზუსტად ვიცით, რომ ეს იქნება ივნისში, თუმცა კონკრეტულ თარიღზე ვმუშაობთ. რეგისტრაცია, სკოლების მსგავსად, რამდენიმე ეტაპიანია და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პირველ ეტაპებზე სასურველ ბაღში შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების დარეგისტრირება, რომლეთაც დედმამიშვილი ჰყავთ ამა თუ იმ ბაღში. ან მშობელია დასაქმებული აქ, ან სოციალურად დაუცველია", - აღნიშნა თოლორაიამ.

ზუგდიდში ამ ეტაპზე სულ 62 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, თუმცა სექტემბრისთვის კიდევ ერთი ბაღის დამატება იგეგმება.
Print