ახალი ამბები
ზუგდიდის მერიაში ახალი განყოფილება შეიქმნება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურს აგროსერვისების კოორდინაციის განყოფილება დაემატება, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით იმუშავებს. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი საკრებულომ რამდენიმე წუთის წინ დაუჭირა. საკითხს არ ემხრობა "ნაციონალური მოძრაობის" 6 დეპუტატი. საკრებულოს ეს წევრები მიიჩნევენ, რომ მერიის საშტატო ნუსხა დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი და კადრების დამატება მიზანშეწონილი არ არის.

მეორე მხრივ, მერიის ინიციატივას დაეთანხმნენ ენმ-ს სხვა წევრები და პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატები. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თემურ ბასილაიამ მერის მოადგილეს კონსტანტინე კაკავას ჰკითხა, რატომ არ დაკომპლექტდება აღნიშნული განყოფილება უშუალოდ არსებული რესურსით, თუმცა, აქვე დასძინა, რომ მსგავსი განყოფილების არსებობა აუცილებელია.

"კარგი იქნებოდა, რომ განყოფილება შევსებულიყო საშტატო კადრების ოპტიმიზაციის გზით, თუმცა, ამ განყოფილების აუცილებლობა დგას, რათა განხორციელდეს გლობალური პროექტები სოფლის მეურნეობის მიმართულებით და არ ვაპირებთ შეფერხებას", - აღნიშნა ენმ-ს წევრმა.

თავის მხრივ, მის კითხვაზე ვიცე-მერმა უპასუხა, რომ გადაწყვეტილება საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე მიიღეს და შიდა რესურსით განყოფილების დაკომპლექტება სწორედ ამის გამო ვერ მოხერხდა.

"მუნიციპალური ორგანო უნდა პასუხობდეს გამოწვევებს, სოფლის მეურნეობის მიმართულება არ უნდა იყოს პასუხისმგებელი პირის გარეშე. ამ განყოფილების თანამშრომლები და უფროსი უნდა იყვნენ შესაბამისი სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ საკმაოდ მოცულობითი ფუნქციები და ეს უნდა იყოს შემდგარი განყოფილება. ამ განყოფილების შექმნით სახელფასო ფონდი არ იცვლება, არ ემატება", - თქვა კაკავამ.

სხდომაზე ინიციატივა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ბელა მოსიამ წარადგინა. მისი ინფორმაციით, განყოფილება 5 საშტატო ერთეულით დაკომპლექტდება, მათ შორის, განყოფილების უფროსი, 2 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ასევე 2 - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

"შპს "აგროსერვისის" ლიკვიდირების შემდგომ, ბუნებრივია, სოფლის მეურნეობას სჭირდება მხარდამჭერი პროგრამები, ჩემთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ელექტრონული რუკა, დასაქმების ტიპის მსგავსი ბაზების შექმნა, საჭიროა კოორდინაციის თვალსაზრისით არსებობდეს სამსახური, რომელიც არსებული გამოწვევების მიმართულებით იმუშავებს. საკმაოდ კრიტიკული განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა", - აღნიშნა მოსიამ. 

გარდა ამისა, მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილის ვაკანტური შტატი გაუქმდა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და არქიტექტურის სამსახურს დაემატა.




Print