ახალი ამბები
ზუგდიდის მერიას განმუხურის აკვაპარკის 10 წლით იჯარით გაცემა სურს
ზუგდიდის მერიას სურს, განმუხურში მდებარე აკვაპარკი იჯარის სახით ათი წლით გასცეს. შესაბამისი განცხადება მერიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მოიჯარემ ქონების გადაცემიდან ორი წლის განმავლობაში აკვაპარკის რეაბილიტაციაზე 2 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს, რაც მას ათწლიანი იჯარის ქირაში ჩაეთვლება. ამასთან, მოიჯარემ აკვაპარკში 30 ადგილობრივი უნდა დაასაქმოს და განახორციელოს სოციალური პროგრამები, 2022 წლის პირველი ივლისიდან კი ყოველწლიურად აკვაპარკის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს.

გარდა ამისა, ათი წლის შემდეგ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში აკვაპარკი ხარვეზების გარეშე უნდა ფუნქციონირებდეს და მერიას დამატებითი ხარჯების გაწევამ არ მოუწიოს.

განცხადებებს ზუგდიდის მერიაში არსებული ქონების მართვის კომისია 10 ივნისამდე მიიღებს, გადაწყვეტილებას კი ვადის ამოწურვიდან სამ სამუშაო დღეში მიიღებს. აკვაპარკის იჯარით მიღების მსურველებმა სხვადასხვა დოკუმენტაციასთან ერთად აკვაპარკის განსავითარებლად დამატებითი გეგმა და მართვის გამოცდილება უნდა წარადგინონ.
Print